„დისტანციური სწავლების გამოცდილებამ ბევრი საინტერესო ფანჯარა გახსნა განათლების სფეროში“ - მიმოზა მაისურაძე, თბილისის N136 სკოლის დირექტორი 
24-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თბილისის N136 საჯარო სკოლის დირექტორ მიმოზა მაისურაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- ვფიქრობ, ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის საქმიანობა ზედმეტად რუტინული და შრომატევადია, ხშირად, პრივატულ საუბრებში, გამიგონია, რომ უკვირთ, რატომ ავირჩიეთ ეს პროფესია. გარდა იმისა, რომ ეს ოცდაოთხსაათიანი, მუყაით შრომაზე დაფუძნებული საქმეა, რომელიც აუცილებლად სახლშიც მოგყვება,  საჭიროა მუდმივი და უწყვეტი განახლებადი განათლება. ყველას არ აქვს უნარი, ძალა ან სურვილი, რომ მთელი ცხოვრება ისწავლოს. თუმცა, ზრდადი ანაზღაურება ნამდვილად მიმზიდველია და რაკი სკოლას ახალი სისხლი სჭირდება, ეს მათთვის, ჩემი აზრით, მოტივაციის წყარო შეიძლება გახდეს.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ჩემი გამოცდილებით, განათლების სისტემაში ყოველთვის იყვნენ ღირსეული, საქმის პროფესიონალი მასწავლებლები და ისეთნიც, თავის მოვალეობას სათანადოდ რომ ვერ ასრულებდნენ და თითქოს ამ პროფესიას შეეხიზნენ. ყველა სფეროსა და პროფესიაშია ასე, ამიტომ დიდად არ მიკვირს. შესაძლოა, ახლაც არის ან მომავალშიც იქნება. მივესალმები, თუ ახალი კადრებითა და პროფესიონალებიც შეივსება განათლების სისტემა, ახალ მიდგომებსა და სტილს შემოიტანენ, მაგრამ მინახავს „ახალგაზრდა მოხუცები“ და „მოხუცი ახლგაზრდები“. ამიტომაც, ვფიქრობ, სანამ ვინმეს ახალი კადრით ჩავანაცვლებთ, ზუსტად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღირსეულია და ძველს აჯობებს. ერთი კია, ჩვენი პროფესია „დაბერდა“ , დროთა განმავლობაში, როცა ღვაწლმოსილი პედაგოგები მოვალეობების შესრულებას ვეღარ შეძლებენ, შესაძლოა, დადგეს კადრების დეფიციტის საკითხიც.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- ის, რომ გამოცდების არ მეშინია და ჩემი პროფესიულ-კარიერული წინსვლის საფეხურებიც ამაზე მეტყველებს, თავადაც იცით. მაგრამ მაინც გავაჟღერებ მრავალი მასწავლებლის სათქმელს. ჩემი აზრით, მასწავლებელთა  კომპეტენციის ასამაღლებელად უპრიანია პერმანენტული ტრენინგები და ამ ტრენინგების დასასრულ, ტესტირება, მიღებული ცოდნის დასტურად, რაც უნდა იყოს შეფასების ძირითადი წყარო პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად. მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, გეტვით, გამოცდებით, საგნისა და უნარების, კომპეტენცია მასწავლებლებმა ერთხელ უკვე დაადასტურეს და ახლა განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეთ. გამოცდები ნაკლებეფექტურად მიმაჩნია განვლილი გზის ფონზე.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციურ სწავლებას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ გამოცდილებამ ბევრი საინტერესო ფანჯარა გახსნა განათლების სფეროში და აუცილებლად სამომავლოდაც უნდა შევინარჩუნოთ, თუმცა გარკევეული პირობებისა და წესების დაცვით, რაც ახლა, პანდემიის გამო არ არსებობს. მაგრამ უპირატესობას მაინც პირისპირ სწავლებას ვანიჭებ, რადგან უფრო გახსნილი და სამართლიანი პირობებია,  სწავლის ხარისხიც უფრო მაღალია და ამას სოციალური ურთიერთობები კიდევ უფრო უწყობს ხელს.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- განათლება შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ყოველთვის, ყველანაირ პირობებში, მთავარია იყოს ის, ვისაც უნდა, რომ ასწავლოს და ის, ვისაც სურს სწავლა - ეს პანდემიის საუკეთესო გაკვეთილია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203