ბაღების ავტორიზაციის შესახებ კანონმდებლობაში პარლამენტის მიერ განხორიელებული ცვლილებები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა, შესაბამისად ბაღებისთვის ავტორიზაციის გასავლელად განსაზღვრული ვადები და გარდამავალ პერიოდში (2030 წლამდე) გასავლელი პროცედურები უკვე ძალაშია.
გარდამავალ პერიოდში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესს.
რა ვალებულებები ექნებათ გარდამავალ პერიოდში საჯარო და კერძო ბაღებს ავტორიზაციის განსახორციელებლად:
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის მიზნით არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა ქმნის შესაბამის ელექტრონულ სისტემას.
დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებს საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, ვალდებულია 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე გაიაროს პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში, შესაბამისად რეგისტრირებული დაწესებულება ვალდებულია ცენტრს არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს თვითშეფასება.
წარდგენილი თვითშეფასებების ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024 წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება ბაღების მიერ ავტორიზაციის გავლის განრიგი.
დაწესებულება, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე არ ახორციელებდა საქმიანობას ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სახით და რომელსაც სურს ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, გარდამავალ პერიოდში ავტორიზაციას გაივლის დროებითი წესის შესაბამისად.