„მასწავლებლის პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საპასუხისმგებლოა“ - მარინა ცინცაძე, ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი
24-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორ მარინა ცინცაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- მასწავლებლის პროფესია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საპასუხისმგებლოა დღეს. ის ყველაზე რთული პროფესიაა, ვინაიდან მასწავლებელი სუფთა დაფიდან იწყებს მომავლის შექმნას, რადგან რწმენის, ზნეობრივი და კიდევ მრავალი თვისებების ჩამოყალიბება ბავშვებში მასზეა დამოკიდებული. მათი ცხოვრება მუდმივ მოძრაობასა და შემოქმედებით ძიებაშია....

საბედნიეროდ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ შემოქმედებითი უნარი, უყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ისინი მაგალითს იღებენ საყვარელი პედაგოგებისგან და მათთვის ნამდვილად მიმზიდველია მასწავლებლის პროფესია...

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

 - სკოლებში, რა თქმა უნდა, არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, ბევრი დამსახურებული პედაგოგი  უკვე გავიდა ან გასასვლელია საპენსიო ასაკში, მათ ადგილას სკოლას ესაჭიროება სპეციალისტები, მოწოდებით პედაგოგები და არა ხელფასზე დამოკიდებული კადრები, ასეთები კი ჯერჯერობით არ ჩანს...

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- პედაგოგს მართლაც სჭირდება პერიოდულად კვალიფიკაციის ამაღლება, თუმცა გამოცდის გარდა არსებობს სხვა მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება...

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- სახელმწიფოს მხრიდან მცდელობის მიუხედავად, დისტანციური სწავლების ხარისხი, სისტემის რეჟიმზე მორგება ჩემი აზრით რთული იყო რეგიონებში ინტერნეტთან წვდომის პრობლემების გამო, რასაც ემატებოდა ის გარემოება, რომ დაუცველი ბავშვები ნაკლებად ფლობდნენ ონლაინ წვდომას გაკვეთილებზე საჭირო მოწყობილობების არ ქონის გამო და უჭირდათ ინტერნეტის გადასახადების დაფარვა.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ ბევრ საკითხზე დაგვაფიქრა, შეცვალა ჩვენი დამოკიდებულებები და მსოფლმხედველობა, გვასწავლა, რომ ბევრი საკითხის მოგვარება შეიძლება დისტანციურად, გვასწავლა მეტი პასუხისმგებლობა, დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ურთიერთობა, სიყვარული და თანადგომა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203