განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთას საჯარო სკოლის დირექტორ ვაჟა ბეგიაშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- წლების განმავლობაში მასწავლებლის პროფესია გააუბრალოვეს, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში, მას შემდეგ რაც ანაზღაურება გაიზარდა, ვფიქრობ ახალგაზრდობისთვის გარკვეულად მაინც მიმზიდველია.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- პროფესიული კადრები საკმაოდ დეფიციტურია. ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისიცაა რომ სუფთა პედაგოგიური ინსტიტუტები გაუქმებულია.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ვფიქრობ... ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებლებისთვის უკეთესი იქნება საგამოცდო ბარიერის დაწევა. ( კომპეტენციის დასადასტურებლად არა მაქსიმალური 10 კრედიტი, არამედ პირობითად 7-დან 10 კრედიტამდე.)
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- უარყოფითად. მოსწავლე კიდევ უფრო დაშორდა წიგნს და მიეჯაჭვა კომპიუტერს.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- მიუხედავად ყველაფრისა, დავიცვათ რეკომენდაციები და ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან- პროფესიულადაც და პიროვნულადაც.