„კურსდამთავრებულთაგან ძალიან ცოტა ირჩევს მასწავლებლის პროფესიას“ - თენგიზ შავაძე, ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი
25-02-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორ თენგიზ შავაძე დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?

- როგორც ჩანს, პედაგოგის პროფესია დაბალი კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველია, რადგან კურსდამთავრებულთაგან ძალიან ცოტა ირჩევს ამ პროფესიას განათლების სისტემაში არსებული ბევრი პრობლემის გამო.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- არათანმიმდევრული რეფორმებისა და პრობლემების გამო განათლების სისტემაში მართლაც შეიქმნა კადრების დეფიციტი. გენდერული თვალსაზრისით მამაკაცები იშვიათად გამოთქვამენ ამ სისტემაში მუშაობის სურვილს და უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოს არჩევენ.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?

- გამოცდები მასწავლებლებს კი არა მოსწავლეებს უნდა უტარდებოდეთ მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება კი მოსწავლეთა ცოდნითა და შედეგებით უნდა დადგინდეს. ვთვლი, რომ გამოცდები მასწავლებლებისა და ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების შეურაცხყოფაა.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება მრავალი მიზეზების გამო არ არის მისაღები, მაგრამ გამოუვალ შემთხვევაში შეიძლება ჰიბრიდული მეთოდის გამოყენება.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- პანდემიასთან ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ რეგულაციებსა და ჰიგიენის დაცვაზე საჭიროა მკაცრი კონტროლი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203