„მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარება ცხოვრების თანმდევია“ - ნარგიზ ფირცხალავა, წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი
სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად სკოლების დირექტორები ამ ვითარებაში მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში არიან ჩართულნი.etaloni.ge მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ნარგიზ ფირცხალავას აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?- მასწავლებლობას ყველა დროში აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხიბლი. წინა თაობებში ეს მეტად იყო გამოხატული. საკუთარ მაგალითზე გეტყვით - არც ვუსმენდი, სხვა სამსახურს რომ მთავაზობდნენ. არ ვნანობ. ნაკლებად თუ დაუძახებენ სხვა პროფესიის ადამიანს მეტროს ვაგონის ერთი თავიდან მეორეში - დაბრძანდითო, ბედნიერებაა, პარკში სეირნობისას წლების წინ სკოლადამთავრებული მოსწავლე საკუთარ თავს შეახსენებს ყოფილ მასწავლებელს და ტელეფონის ფონად მის სურათს აჩვენებს... დავამთავრე სკოლა, სადაც მოვედი მასწავლებლად და ახლა დირექტორის მოვალეობას ვასრულებ. ახალგაზრდობა სილაღეა, ახალი გამოწვევებია. თანამედროვეობამ ბევრი ცვლილება მოიტანა ყველა სფეროში. დღევანდელი თაობა გაცილებით დამოუკიდებელია. პროფესიის არჩევისას ნაკლებად ითვალისწინებს უფროსების აზრს, ირჩევს მისთვის საინტერესო და მოდურ, შემოსავლიან პროფესიებს. გასათვალისწინებელია დასაქმების პრობლემაც.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?- განათლების სისტემა საზოგადოების მრავალმხრივი განვითარების ფაქიზი რგოლია ყველა ქვეყანაში. ჩვენთან განსაკუთრებით, რადგან ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს ამ სფეროში. რაც შეეხება კადრებს, გეტყვით, რომ სკოლაში წარმატებულ პედაგოგთა დეფიციტი არაა, თუმცა, ახალგაზრდა (30 წლამდე), მასწავლებელთა კადრების ნაკლებობაა. მისასალმებელია, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს მიეცათ კომპეტენციის დადასტურების რამდენიმე საშუალება. ძნელია უმუშევარი დარჩეს ადამიანი, როცა გარკვეული წლები ემსახურება საყვარელ საქმეს. ამასთან, ვფიქრობ, საგანში გამოცდის ჩაბარება პრობლემა არ უნდა იყოს მოქმედი პედაგოგისთვის.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?- ადამიანი რა პროფესიისაც უნდა იყოს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, ქმნიდეს და ისწრაფოდეს, იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. მასწავლებლისთვის კი, პროფესიული განვითარება ცხოვრების თანამდევია. უკვე ერთი ათეული წელია მასწავლებელთა კომპეტენცია გამოცდების საშუალებით დასტურდება. მასწავლებელმა კიდევ ერთხელ ბევრი საჭიროც შეახსენა თავს და სიახლეებსაც სერიოზულად გაეცნო, აიმაღლა ავტორიტეტი. გამოცდამ გარკვეული მატერიალური სიკეთეც მოიტანა, თუმცა მასწავლებლის მიერ გაღებული შრომითი საქმიანობის ადეკვატური არაა. ამას დღევანდელი გაძვირებული ცხოვრებაც ემატება. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით მასწავლებლები ახალი გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით.. გამოცდა გამოცდაა, ფუჭად ნამდვილად არ ჩაივლის და შედეგსაც დადებს, მაგრამ ვფიქრობ, სტატუსის ასამაღლებელი ახლანდელი საგამოცდო პროგრამა და კომპეტენციის საბოლოოდ დადასტურებისათვის საჭირო აუცილებელი აქტივობებიც გადატვირთულია და სცდება მასწავლებლის ძირითად საქმიანობას. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ პედაგოგისთვის ნებისმიერი საკითხის ცოდნა, რასაც უნდა შეეხებოდეს იგი, ზედმეტია, მაგრამ მასწავლებელი, ცოდნის გარდა, ხომ უამრავ დროს, ენერგიას, ჯანმრთელობას დებს პროფესიაში. ამას ბევრი სხვა გამოწვევაც ემატება გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. თავისთავად ისმის კითხვა - ხომ არ მოხდება ეს ყველაფერი ნაწილობრივ მოსწავლის ხარჯზე, გამოგვივა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება?
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?- დისტანციური ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება არსებობდა, მაგრამ სწავლების ახალი ფორმა შიშსაც იწვევდა. პანდემიიდან დაწყებული სასწავლო პროცესის გარკვეული ნაწილი (არა მცირე) დისტანციურ ფორმატში გავლიეთ და სიძნელეებიც მრავლად გამოჩნდა. მოსწავლეთა ნაწილის საყოფაცხოვრებო პირობები და გარემო არ აღმოჩნდა ამ ტიპის სწავლებისთვის შესაფერისი: მოსწავლეს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალება; ოჯახში რამდენიმე მოსწავლის ყოფნის შემთხვევაში მხოლოდ ერთს ან მორიგეობით მიუწვდებოდათ ხელი გაკვეთილებზე; იყო ინტერნეტის პრობლემა; განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახი სოფელში ცხოვრობდა ან დროებით გადავიდა იქ. გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეთა ნაწილს არ აღმოაჩნდა ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები... უნდა ვთქვათ,რომ ამ პრობლემების ნაწილი ახლაც არსებობს. მოსწავლეთა აკადემიური ჩამორჩენისა და სხვა რეალური საშიშროებიდან გამომდინარე, სკოლამ მშობლებთან აქტიური კომუნიკაციის პირობებში თავის თავზე აიღო დაეძლია არსებული წინააღმდეგობები. ცვლილებები შევიდა დირექციისა და პედაგოგთა საქმიანობაში. დაგროვდა დიდი გამოცდილება. დღემდე მუდმივი კონტაქტია მშობლებთან. დისტანციურ გაკვეთილებს ხომ ხშირ შემთხვევაში მშობლებიც ესწრებიან. მათ მეტად დაინახეს მასწავლებლის შრომა, ხშირია მადლობის ზარები. პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. სკოლაში გაიზარდა ექიმის როლი. მოსწავლეებსა და მშობლებს პერიოდულად მიეწოდებათ რჩევები პანდემიასთან დაკავშირებით. აქტუალურ ინფორმაციებს გვაწვდის სამინისტრო,ადგილობრივი რესურსცენტრი. საბოლოოდ ჩვენი სკოლის მაგალითზე, მინდა ვთქვა, რომ დისტანციური სწავლებისა და პირისპირ სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია, სკოლაში განთავსებული ძველი და მწყობრიდან გამოსული კომპიუტერული ტექნიკის ახლით შეცვლა, რის საშუალებასაც სკოლის ბიუჯეტი არ იძლევა. ვიმედოვნებ, ერთად დგომით ყველა დაბრკოლება გადაილახება და ხელთ გვექნება ამ საუკუნის წარმატებული თანაარსებობისათვის საჭირო უნარები.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?- სკოლის ხელმძღვანელად ჩემი მოსვლიდან რამდენიმე თვეში პანდემია დაიწყო და ამ პირობებში სასწავლო ფორმატიც თავისი შინაარსით და ფორმით უჩვეულო გახდა. საჭირო იყო მთელი ინტელექტუალური და ფიზიკური ძალები მიგვემართა სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მეტი დაახლოებისა და თანადგომისაკენ. ადამიანი, ზოგადად ყველასთვის, განსაკუთრებით კი ჩემთვის, ვინც ოჯახის ყველა წევრი დავკარგე, გამორჩეულად ძვირფასია. პანდემიამ მეტი პასუხისმგებლობა დამაკისრა, უფრო ახლოს მივედი ადამიანებთან. ღრმად ჩავხედე მოსწავლეთა და პედაგოგთა პრობლემებს. უფრო ძვირფასი გახდა მათი სიმშვიდისა და ჯანმრთელობის დაცვა. ამასთან, მოსწავლეთა აღზრდა-განათლებისთვისაც არ უნდა მოგვეკლო ზრუნვა. სკოლის პედაგოგთა უმრავლესობამ და მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა გადაიტანა დაავადება და მადლობა ღმერთს, რომ ჯანმრთელობა შეინარჩუნა. მორალური და სამსახურეობრივი ვალდებულება იყო, ყველა მათგანს შევხმიანებოდი, იმედიანი სიტყვა მეთქვა და ყოველნაირად დავხმარებოდი. მხარდაჭერას ვგრძნობდი სკოლასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურისა და პიროვნებებისაგან. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იყო და არის ამ მძიმე დროს. იმედია, როგორც ბევრ ცუდს, ამ წინააღმდეგობებსაც წარმატებით გავუმკლავდებით, ყველა დაბრკოლება გადაილახება. მშვიდობას,ჯანმრთელობასა და წარმატებულ წლებს გისურვებთ, ძვირფასებო.