„მე რატომ უნდა მაწყობდეს, ვინმემ სტატუსი ვერ აიმაღლოს?“ - შუკაკიძე ახალ სქემაზე
25-02-2022

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ მახარაშვილთან ერთად შექმნილია კომისია, რომელიც მუშაობს ამ დოკუმენტზე

„კიდევ ერთხელ ვამბობ - სამინისტროს არც ერთ თანამშრომელს არ სურს, მასწავლებელმა ზედმეტი ენერგია დახარჯოს, რაც არ უკავშირდება საკლასო ოთახს. გვინდა, წინსვლის სქემა იყოს ისეთი, რომ განაპირობოს სამართლიანი შეჯიბრება; რაც შეეხება მასწავლებლის შემოწმებას, ჩემგან არაკოლეგიალური იქნება ძველი სქემის ძაგება - მან თავისი როლი შეასრულა, ახლა კი 1600-მდე მასწავლებელი გამოიკითხა და ყველაფერი მაქსიმალურად გავამარტივეთ.

გვინდა, ისეთი სისტემა მოვიფიქროთ, რომელიც თვალსაჩინოს გახდის, საკლასო ოთახთან მიმართებით ესა თუ ის მასწავლებელი რამდენად კარგია, ოღონდ ეს არ უნდა იყოს მოჩვენებითი“, - განაცხადა შუკაკიძემ და იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ სამინისტრო და სსიპ-ები კეთილგანწყობილნი არიან პედაგოგების მიმართ:

„მასწავლებელს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ მოვედი როგორც მტერი, მოქიშპე, გამოჭერაზე ორიენტირებული... მეც მასწავლებელი ვიყავი ხუთი წელი, მეც ხშირად დამიგეგმავს გაკვეთილი, მაგრამ კლასში ეს არ გამომიყენებია და რა არის ამაში დანაშაული?! ჩარჩოებით კი არ უნდა შევაფასოთ პედაგოგი, სკოლის საჭიროებებზე უნდა გადიოდეს მისი ქმედებები და ჩვენ ასეთი პედაგოგი ბევრი გვყავს.

მე რატომ უნდა მაწყობდეს, ვინმემ სტატუსი ვერ აიმაღლოს? წინ ვერ წავიდეს? - რაც მეტი ანაზაღურება, მეტი შემოსავალი ექნება პედაგოგს, ეს მის წინსვლასა და მოსწავლეებზე აისახება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203