„ქვეყნის წინსვლა განათლების წინსვლაზეა დამოკიდებული“- შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხუციშვილი
სასკოლო ცხოვრება მუდმივი სიახლეების ფონზე ვითარდება. ახალი გადაწყვეტილებები და ცვლილებები ყოველდღიურობად იქცა, შესაბამისად სკოლების დირექტორები ამ ვითარებაში მუდმივად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არიან.etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის დირექტორს, მანანა ხუციშვილს ესაუბრა.
- რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდობისთვის პედაგოგის პროფესია?- უპირველეს ყოვლისა, ქვეყანა განათლებაზე დგას და თუ პატრიოტულად მივუდგებით, ქვეყნის წინსვლა განათლების წინსვლაზეა დამოკიდებული. ამიტომ ირჩევს მოაზროვნე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი პედაგოგობას... ამასთანავე, დღეს, მთავრობის ძალისხმევით ეს პროფესია დაფასებული და კარგად ანაზღაურებადი გახდა.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?- კადრების დეფიციტს რაც შეეხება, აქ ორგვარი მოსაზრებაა: არსებობს მეცნიერებები, რომლებშიც ჭარბად არსებობენ პროფესიონალები და დაუსაქმებლებიც კი რჩებიან... და, არსებობს ისეთი (მაგ. ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვები), რომლებსაც სამწუხაროდ, პროფესიად ცოტა ახალგაზრდა ირჩევს, რასაც ამ კადრების დეფიციტი მოსდევს.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?- მასწავლებლის გამოცდა, მე ვფიქრობ, შესანიშნავი მეთოდია განათლების დონის შესაფასებლად, თუმცა, რაღაც სხვა კრიტერიუმებიც უნდა ემატებოდეს პედაგოგის შეფასებას.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?- დისტანციური სწავლის ხარისხი ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ, რომ პედაგოგი, რაც არ უნდა სურდეს, როგორც არ უნდა ცდილობდეს, სრულფასოვნად ვერ ახდენს ასეთი გაკვეთილების მართვას.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?- მე, როგორც დირექტორს, პანდემიამ მასწავლა მეტი სიფრთხილე, მეტი ზრუნვა ჩემს მოსწავლეებზე, თანამშრომლებზე... მასწავლა მეტი ფიქრი მათი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე... დამაკისრა გაათმაგებული პასუხისმგებლობა... და, მგონი, სიყვარულიც გამიასმაგა...