2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათიდან 4 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ის სტუდენტი, რომელსაც სურს დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვს შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სახელმწიფო სტუდენტს ბაკალავრიატის საფეხურზე აფინანსებს მხოლოდ ერთხელ.
რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური - 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, გამოსაცდელი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას).
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 7 მარტს გამოქვეყნდება
თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (4 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ აპლიკანტები ვეღარ დარეგისტრირდებიან.
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.