„ვფიქრობ, ახალგაზრდებისთვის მასწავლებლის პროფესია მიმზიდველია“-ორგორის საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ნათენაძე
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლის დირექტორს, ნელი ნათენაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ? - ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებისათვის მასწავლებლის პროფესია მიმზიდველია; სწავლის სწავლება, მუდმივი ძიება, ახალი მეთოდები, ინოვაციები მათთვის საინტერესოა და მიმზიდველი; ისინიც ხომ მუდმივ ძიებაში არიან.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ? - ჩემი აზრით არ არის კადრების დეფიციტი განათლების სისტემაში. არიან მაღალკვალიფიციური კადრები, ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ უნარი იყვნენ მასწავლებლები. ვფიქრობ, ორი - სამი წელი საკმარისია სრულად ჩამოყალიბდნენ პროფესიონალ მასწავლებლებად, ამისათვის საჭიროა იმუშაონ გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ? -ვფიქრობ, გამოცდები უნდა იყოს ეტაპობრივად, უმჯობესია ფორმატი შეიცვალოს და რაც სჭირდება მასწავლებელს, ის საკითხები იყოს შესული საგამოცდო ტესტებში. გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება არ მიმაჩნია ეფექტურად.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ? - ჩემი აზრით დისტანციური სწავლების ხარისხი დაბალია.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ? - პანდემიამ ძალიან დაგვაშორა ერთმანეთს. თუმცა, ერთმანეთის გაფრთხილება და დაცვა გვასწავლა.