რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის პედაგოგობა, როგორია დისტანციური სწავლების ხარისხი, არის თუ არა განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექტორი კატუშა (ეკატერინე) ჭიჭინაძე-გოგსაძე გვესაუბრა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდობისათვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ახალგაზრდა თაობისათვის პედაგოგის პროფესია მიმზიდველი არ არის. თუ რატომ, ამ საკითხზე ბევრს ვფიქრობ და პირველ რიგში, ჩვენში, პედაგოგებში, ვეძებ მიზეზს. იქნებ, ბოლომდე არ ვიხარჯებით და მოსწავლეებთან მხოლოდ საგაკვეთილო ურთიერთობით შემოვიფარგლებით, ზარიდან ზარამდე, დამთავრდა გაკვეთილი და მორჩა, არ ვიყავით საინტერესო, ვერ შევაღწიეთ მათ სულიერ სამყაროში, ვერ შევარხიეთ მათი მგრძნობელობის სიმები, არ შედგა სინერგია, რის გარეშეც მხოლოდ დროის თვლაა და მოვალეობის მოხდა. პედაგოგად ჩამოყალიბება შეუძლებელია, პედაგოგად უნდა დაიბადო, რადგან ეს პროფესია მსხვერპლშეწირვას მოითხოვს, ბავშვიც უნდა გიყვარდეს და ის საგანიც, რომელსაც ასწავლი და პირველ ყოვლისა, ღირსების გრძნობა უნდა გქონდეს, რათა მოვალეობა შეასრულო პირნათლად, მხოლოდ ხელფასისათვის სკოლაში შესვლა სამუშაოდ დამზარალებელია როგორც სკოლისათვის, ესე თვით პიროვნებისათვის, რადგან არ მოხდება შესაძლებლობის რეალიზება და ცხოვრება ფუჭად ჩაივლის, ვერც თვითონ შეიყვარებს პროფესიას და ვერ დაიხარჯება სრულად და ვერც ბავშვს შეაყვარებს; მეორე, ყოველივე ამის მიღწევას დიდი ენერგია და შრომა ესაჭიროება, ანაზღაურება კი არ არის ჩადებული შრომის ადეკვატური. თვალი სვამს და თვალი ჭამს, კანონმორჩილი მასწავლებელი იმ ზნეობის ტყვეობაში ექცევა, რომელსაც ასწავლის, ცხოვრების მდინარე კი სხვა კალაპოტით მიედინება, მასწავლებელი რჩება განზე, ახალგაზრდა იდეალს ცოდნასა და განათლებაში კი არ ხედავს, არამედ მოხერხებაში. სახელმწიფომ მეტად უნდა იზრუნვოს სწავლისა და განათლების ავტორიტეტის ამაღლებისათვის საზოგადოების თვალში. ბავშვისა და მშობლისათვის „მინდა“-ეგოიზმი კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ -„უნდა“- კანონი.
- თქვენი აზრით, რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?
- განათლების სისტემაში ნამდვილად არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს პედაგოგიური ინსტიტუტები და აღარ მზადდება სათანადო კადრები, ვისაც პედაგოგის დიპლომი აქვს, ხდება მათი კვალიფიკაციის გადამოწმება და სკოლის გზა ეხსნებათ სახედახელოდ გადამზადებულ ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ტრენინგგავლილ სერთიფიცირებულ პერსონალს, რომელთაც არც ფსიქოლოგია იციან, არც პედაგოგიკა და არც საგნის სწავლების მეთოდიკა. სერთიფიკატი არ არის პედაგოგის პროფესიონალიზმის განმსაზღვრელი, ის ხელფასის მოპოვების საშუალებაა, მთავარია, როგორ მუშაობს ბავშვებთან და რა შედეგი აღწევს.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?
- მასწავლებელი სულ უნდა იმაღლებდეს კვალიფიკაციას,სულ უნდა იყოს სიახლის კურსში. ის მაშინ კვდება, როცა განვითარებასა და კითხვას წყვეტს. სერთიფიკათის მოპოვებისათვის ზრუნვამ დააზარალა სკოლა, მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს დააშორა, რადგან სტატუსის ამაღლებაზე გადართულ მასწავლებელს აღარ სცალია ბავშვისთვის. პედაგოგის სტატუსი მისი პედაგოგის დიპლომი უნდა იყოს, ხელახალი გამოცდები შეურაცხმყოფელია როგორც მოსწავლის, ისე საზოგადოების თვალში. მასწავლებლის ავტორიტეტზე დიდად არის დამოკიდებულ განათლებული თაობა და ქვეყნის მომავალი.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციური სწავლება? ცოცხალ ურთიერთობას ალტერნატივა არა აქვს, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. დისტანციურ სწავლებას გარკვეულ ფსიქოლოგიური მზაობა ესაჭიროება ტექნიკურ უზრუნველყოფასთან ერთად. თუ მონდომება იქნება და გამართული ტექნიკა, ცოდნის მიღება დისტანციურადაც შეიძლება.
- თქვენ, როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?
- რომ სიცოცხლე ღმერთისგან ბოძებული სასწაულია და მას გაფრთხილება უნდა.