რომელ მოსწავლეებს ეპატიებათ გაცდენები? - ისინი ექსტერნატის გამოცდებისგანაც თავისუფლდებიან
12-03-2022

მოსწავლეთა გაცდენები მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში ყოველდღიურად შეაქვთ. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. თითოეული პედაგოგი ვალდებულია გაკვეთილის დასაწყისში აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება.

თუ VII-XII კლასის მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.

მოსწავლეთა ნაწილს „არები“ ეპატიება. გაცდენები საპატიოდ რომ ჩაითვალოს, ამისთვის მოსწავლის მშობელმა ან მეურვემ დირექციას წერილობით უნდა მიმართოს. თუმცა ეს პრივილეგია ყველა მოსწავლისთვის არ არის განკუთვნილი.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:

„იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ეროვნულ და საერთაშორისო სასპორტო, სახელოვნებო ღონისძიებებში, აგრეთვე ეროვნულ და საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის შემთხვევაში, მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის თაობაზე.“

მე-3 პუნქტი კი შემდეგია:

„თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203