ჩვენი ყველაზე დიდი ძალა არის, ისტორიისა და იმ ფესვების ცოდნა, საიდანაც მოვდივართ - საჯარო სკოლის დირექტორები ესგ-ში შესულ ცვლილებას აფასებენ
10-03-2022

ეროვნული სასწავლო გეგმაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შესულ ცვლილებებს, რომელიც X-XII კლასის მოსწავლეებთან „საქართველოს ისტორიის“ ცალკე საგნად შესვლას ეხება etaloni.ge-სთან საჯარო სკოლების დირექტორები აფასებენ.

ირმა ქიმაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლა. იყო პერიოდი როცა ცალკე ისწავლებოდა, შემდგომ ზოგად ისტორიაში გაერთიანდა. ყველაფერს ხომ გამოცდილებიდან ვსწავლობთ, ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. სკოლაში დაბრუნების შემდგომ აუცილებლად გავივლი ამ საკითხებს საგნის სპეციალისტებთან. თუმცა ვფიქრობ უპრიანი და მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიღრმისეულად თავიანთი ქვეყნის წარსული. ჩვენი მენტალიტეტისთვის, ბავშვების ეროვნულობისა და პატრიოტიზმისთვის მნიშვნელოვანია, მშობლიური ისტორიის სწავლა.

მე თვითონ ფილოლოგი ვარ და მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები რომ საქართველოს ისტორია, მშობლიური ენა და საქართველოს გეოგრაფია არ არის მხოლოდ საგანი, ეს არის შენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი და ამას მართლაც უნდა ცალკე დრო, ამიტომ მივესალმები. ასევე მივესალმები ქართული ენისა და ლიტერატურის გაყოფას. გრამატიკის გამოყოფა ლიტერატურისგან ასევე უპრიანი იქნებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა თუკი ეს საკითხიც გადაიხედებოდა.


ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან დროული გადაწყვეტილებაა და სასიამოვნო სიახლეა. აქამდე საქართველოს ისტორია ინტეგრირებულად ისწავლებოდა მსოფლიო ისტორიასთან ერთად. ბუნებრივია, რომ ამ პირობებში შენი ქვეყნის ისტორიას ჯეროვნად ვერ ასწავლი მოსწავლეს და ვერ დაუთმობ იმდენ დროს კონკრეტულ საკითხებს, ამიტომ ცალსახად გეტყვით, რომ ძალიან კარგი, სწორი და გონივრულია. საქართველოში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს საქართველოს ისტორია ცალკე, დამოუკიდებელ საგნად და არა ინტეგრირებულად.

ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მივესალმები საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად შესვლას სასწავლო ბადეში. ვფიქრობ, დაწყებითი საფეხურებიდან უნდა ისწავლებოდეს მოსწავლეებში ჩვენი ქვეყნის ისტორია, მართალია ისწავლება „ჩვენი საქართველოს“ საგნის ფარგლებში, მაგრამ ვფიქრობ კიდევ მეტი აქცენტი უნდა კეთდებოდეს.

მარინე ასანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ისტორიას დაბალ კლასებშიც სწავლობენ მოსწავლეები, რაც ძალიან კარგია თავის მხრივ, თუმცა თუ უფროსი კლასის მოსწავლეებში გაკეთდება ამაზე დამატებითი აქცენტი, ეს ძალიან კარგი იქნება.


თინა ზარიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე გითხრათ, აღნიშნული სიახლე თქვენგან გავიგე და თუ ასე იქნება ძალიან მოხარული ვიქნები. მნიშვნელოვანია საკითხები რომელიც შევა, რა პროგრამა იქნება, როგორ მიეწოდება ეს საკითხები მოსწავლეებს. ძველი პროგრამით არ ხერხდებოდა საქართველოზე აქცენტის გაკეთება და ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესწავლა, შესაბამისად ცალკე თუ იქნება ნამდვილად ძალიან კარგი იქნება.

სიმონ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლება, თუმცა მაღალ კლასებში ამ საგნის შეტანა ძალიან კარგი იქნება. ნამდვილად მივესალმები გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ დროულია.

მარო ჩხიტუნიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის დირექტორი:

ნამდვილად არ იყო საკმარისი ის, რომ დაბალ კლასებში ისწავლება ჩვენი საქართველოს საგანი,  ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და მივესალმები, რომ მაღალ კლასებში ცალკე გამოიყოფა საქართველოს ისტორია. ეს ოდითგან იყო ჩემი ოცნება. თავადაც ისტორიის მასწავლებელი ვარ და ძალიან გამიხარდა ეს ინფორმაცია.  

საქართველოს ისტორიის სიღრმისეული სწავლება აუცილებელია, ყველა ქართველმა, დედა ენასთან ერთად უნდა ისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია და აქედან გამომდინარე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა არის ცოდნასა და განათლებაში, ჩვენი ისტორიის ცოდნაში, იმ ფესვების ცოდნაში საიდანაც მოვდივართ


ქეთევან ბეღანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორმის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, საჭიროა საქართველოს ისტორია ცალკე საგნად ისწავლებოდეს. მე ვსწავლობდი ცალკე საგნად მეშვიდე კლასიდან, აქამდეც აუცილებელი იყო რომ მეტი აქცენტი გვქონოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. ადრეც მითქვამს, რომ საგნები რომელსაც დავამატებდი არის, რელიგიას და საქართველოს ისტორიას. ორივე საგანი ვფიქრობ მნიშვნელოვანია. თუმცა მგონია, რომ მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის აღნიშნული საგნის სწავლა დაგვიანებულია, რადგან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების უმეტესობა თითქოს ამოვარდნილია სასკოლო კალაპოტიდან და გადართულნი არიან ეროვნულ გამოცდებზე, ამიტომ ვფიქრობ საქართველოს ისტორიაზე აქცენტი ადრეული კლასებიდან უნდა გაკეთდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ აუცილებელი იყო ეს ნაბიჯი გადადგმულიყო.


ლალი კარკაძე, ახალციხის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

მე არ ვარ საგნის სპეციალისტი და  ვერ გეტყვით რამდენად დიდი დრო ეთმობა ახლა ისტორიის საგანში, საქართველოს წარსულის სწავლას, თუმცა საქართველოს მოქალაქე  ვთვლი, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია.

ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა, ამასთან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები გვყავს და შეძლებისდაგვარად შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია რომელიც საქართველოს ისტორიას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კლასები არ გვყავს სკოლაში გადაწყვეტილებას ნამდვილად დადებითად ვაფასებ.

ლამზირა ჩხაიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა, ქართველები ვართ და ვალდებულებაც კი გვაქვს, ვიცოდეთ, ჩვენი ქვეყნის ისტორია. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფეროვანი, დიადი და საამაყო ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ და მე გამიხარდება, თუკი საქართველოს ისტორია ცალკე საგნად შევა სკოლაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსოფლიო ისტორიის ცოდნა, თუმცა ვთვლი რომ ამის ხარჯზე ჩვენი ქვეყნის წარსულის სიღრმისეულ ცოდნაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203