15-დან 25 მარტის ჩათვლით სკოლებში I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
რეგისტრაცია 2 მარტს დასრულდა, ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვან დაინტერესებულ პირს ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერ წარმომადგენელს, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადება რესურსცენტრში უნდა წარედგინათ შემდეგი წესის დაცვით:
„ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.