„მასწავლებელი მუდამ უნდა ზრუნავდეს კვალიფიკაციის ამაღლებაზე“- ვალია ენდელაძე, ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორი
16-03-2022

განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლის დირექტორ ვალია (ლალი) ენდელაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?


- მასწავლებლის პროფესია ძალიან რთული და ამასთანავე საპასუხისმგებლოა. ყველა ადამიანს არ შეუძლია იყოს მასწავლებელი, რადგან მასწავლებლად უნდა დაიბადო. უნდა მისცე მოსწავლეს ცოდნის გარკვეული ჯამის მინიმუმი, ნათელი წარმოდგენა შეუქმნა მეცნიერებათა საფუძველზე, ამასთანავე უნდა დააუფლო ცოდნის შეძენის ხერხებს და ასწავლო დამოუკიდებელი აზროვნება. მასწავლებელი კარგი აღმზრდელიც უნდა იყოს. უნდა ჩაუნერგოს მოზარდს მამულის სიყვარული, ერთგულება, კაცთმოყვარეობა, მეგობრობა, გამტანობა.

ამიტომ პიროვნული თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ მასწავლებლის სავალი გზა უსწორმასწორო, ეკალ- ბარდიანი, ძნელად სავალია, მაგარ ღირსეული მასწავლებლისთვის უკვდავების წყაროსთან მიმსვლელია.
ვისაც გაცობიერებული აქვს ამ პროფესიის სირთულე და ირჩევს პედაგოგის პროფესიას, ის ნამდვილად იქნება კარგი მასწავლებელი. ჩვენდა საბედნიეროდ, არიან ახალგაზრდები, რომლებიც აცნობიერებენ ამ პროფესიის სირთულეს და თავის მომავალ საქმიანობას ახალგაზრდობის სწავლა- აღზრდას ახმარენ.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?

- ჩემი აზრით ზოგიერთ, სპეციალობაში დეფიციტი კი არა, კადრების სიჭარბეც შეინიშნება, მაგრამ არ გვყავს საკმარისი ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, მათემატიკოსები.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- მე მგონია, საგნობრივი გამოცდების წარმატებით ჩაბარებამ შეაფასა მასწავლებლის კომპეტენცია. მიმაჩნია, რომ მასწავლებელი მუდამ უნდა ზრუნავდეს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მაგრამ ვთვლი, რომ ზაფხულში დაგეგმილი გამოცდები რთულია, რადგან ზღვა მასალას მოიცავს. ზაფხულამდე ცოტა დროა დარჩენილი. ამ მასალის დამუშავებას კი დიდი ხანი და ძალისხმევა დასჭირდება.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ ზოგადად?

- პანდემიამ მთელი მსოფლიო მოიცვა. მისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა იყო. მაგრამ დისტანციური სწავლების ხარისხი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საკლასო ოთახში სწავლება. მოსწავლეების გარკვეული ნაწილს არ ქონია წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?

- ვისწავლეთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. ნათლად გამოჩნდა, რომ პანდემიის დროს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან, მასწავლებელთა სწორი კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია. გვასწავლა ონლაინ მუშაობა. სამსახურში დროის დაზოგვა. ინტერნეტით სწავლება რთულია, მაგრამ დადებითი მხარეც აღმოაჩნდა. მასწავლებლები იძულებული გახდნენ გაკვეთილის მომზადების დროს ონლაინ რესურსები გამოეყენებინათ. ჩაგვახედა საკუთარი ჯანდაცვაში. ვისწავლეთ უფრო მეტად ერთმანეთის გვერდით დგომა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203