კისისხევის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სამოდელო გაკვეთილები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის წინანდლის სახლ-მუზეუმში ტარდება
05-03-2018
კისისხევის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად იქცა ქართული ენისა და ლიტერატურის სამოდელო გაკვეთილების ჩატარება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის წინანდლის სახელმწიფო სახლ-მუზეუმში, სადაც მოსწავლეებს ყოველწლიურად გულთბილად ხვდებიან მუზეუმის თანამშრომლები და მუზეუმის დირექტორის მოადგილე მანანა ბატიაშვილი.
მოსწავლეებმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ჯგუფური პრეზენტაციები და კედლის გაზეთები წარმოადგინეს. სკოლის წარმომადგენელთა თქმით, სამოდელო გაკვეთილი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ საინტერესოდ წარიმართა. გაკვეთილს მუზეუმის თანამშრომლები და სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ევროპული რომანტიზმის კორიფეებისა და ქართველი რომანტიკოსების შესახებ, იმსჯელეს რომანტიკოსთა შემოქმედების თავისებურებებზე. ინდივიდუალურად წარმოადგინეს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან მომზადებული ვიდეო და აუდიოინტერვიუები. დასასრულ გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები მუზეუმის თანამშრომლებთან.