გამოცდები, წარჩინებულთა დაფა, რელიგიის ისტორია... - რისი დაბრუნება სურთ დირექტორებს წარსულიდან
23-03-2022
საქართველოს განათლების სისტემაში სიახლეები მუდმივად ინერგება. რეფორმების ფონზე არაერთი ძველი ბრძანება თუ წესი შეიცვალა, რომლებიც სკოლებში უკვე ტრადიციადაც კი იყო ქცეული; მაგალითად, გაუქმდა „კატის“ გამოცდები, „ათოსნების დაფა“ და ა.შ. ზოგიერთის მიმართ კი სასკოლო საზოგადოებაში დღემდე ნოსტალგია არსებობს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რომ იყოს შესაძლებელი, რას დააბრუნებდნენ წარსულიდან ახლანდელ განათლების სისტემაში დირექტორები და სწორედ ამ მიზნით საქართველოს საჯარო სკოლების სხვადასხვა ხელმძღვანელს დაუკავშირდა.

მალხაზ ჩიხლაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძველი დროიდან სკოლაში საგნების თვალსაზრისით, რელიგიის ისტორიას და ისეთი საკითხების განხილვას დავაბრუნებდი, რაც სამშობლოს და რელიგიის სიყვარულს გაზრდიდა. ასევე, აუცილებლად გადასახედი საკითხია მოსწავლეებთან ურთიერთობა. ახლა აღმზრდელობითი დონე ძალიან რთულია, რადგან მასწავლებლების უფლებამოსილება შეზღუდულია. მშობლები სკოლასთან აღარ არიან. დიდი ილიას სიტყვებია - „ენა, მამული, სარწმუნოება“ ეს არის საწყისი, მოსწავლეები იმ მიმართულებით აღვზარდოთ, რომ სამშობლოს მოყვარულები გაიზარდონ. არის არჩევითი საგნების ჩამონათვალი, მაგრამ მაინცდამაინც ეს საგნები ცოდნას არ ემსახურება. წარსულიდან დასაბრუნებელი საგნებიდან მე პირადად მგონია, რომ სკოლაში რელიგიის ისტორია აუცილებლად უნდა დაბრუნდეს.

მაკა ჯანაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლანდელი განათლების სისტემის მიდგომები ნამდვილად მომწონს, თუმცა ალბათ სკოლაში გამოცდებს დავაბრუნებდი მაინც... შესაძლოა ზუსტად „კატის“ გამოცდები არ ყოფილიყო, მაგრამ ვთქვათ დასკვნითი გამოცდები რომ ტარდებოდეს. ჩვენი ბავშვები ონლაინ სწავლებამ მოადუნა და აქედან გამომდინარე, დასკვნითი გამოცდები უფრო მეტად მისაღები იქნებოდა.

ინგა ბერიძე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დღევანდელ რეალობაში წახალისების ფორმად მაგალითად არის ოქროსა და ვერცხლის მედალი. თუ სწორად მახსოვს ძველად მედალს უმაღლესში ჩაბარებისას ყურადღება ექცეოდა და ამიტომ, ვფიქრობ კარგი იქნებოდა ოქროს მედლის მფლობელს გარკვეული უპირატესობები ჰქონდეს, რაც მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციას აამაღლებდა. ბავშვები მედლებს იღებენ, თუმცა ეს ყველაფერი რამდენად ობიექტურად ხდება ჯერ ესეც გასარკვევია, რადგან შეუძლებელია ბავშვი ყველა დისციპლინას ერთნაირად ფლობდეს... ეს იშვიათია. უმაღლესში ჩაბარებისას, საგამოცდო პროცესში ან შემდგომ, გრანტის გადანაწილების საკითხში არსად არ მოქმედებს ეს მედალი...

დავით სეთური, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე სკოლაში საატესტატო გამოცდებს დავაბრუნებდი, რადგან განათლებისა და სწავლის მიმართ ინტერესი დაიკარგა. ადრე, ატესტატისთვის ვიბრძოდით და იბრძოდნენ ბავშვები. ახლა, იმ მინიმალურ ცოდნას მოსწავლე ყოველდღიურად შესაძლოა იღებდეს, თუმცა წლის ბოლოს უკვე აღარც ახსოვთ და არც აინტერესებთ. ადრე, ასე იყო თუ ისე ყველას წიგნი ეკავა ხელში, გამოცდების წინ და ახლანდელი ბავშვები ძალიან მოდუნდნენ.

მერაბ დევაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის დირექტორი:

წარსულიდან არ ვიცი, მაგრამ სახელმძღვანელოების საკითხს მივაქცევდი ყურადღებას. მაგალითად, ავიღოთ მათემატიკის მე-8 კლასის სახელმძღვანელო... რამოდენიმე ვარიანტია წიგნების, კი, კარგია რომ არჩევანის საშუალებაა, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირი სახელმძღვანელოებით უნდა სწავლობდნენ ბავშვები. მაქსიმუმ ორი წიგნი რომ იყოს ასარჩევად კიდევ დიახ, მაგრამ 4 და 5 უკვე ძალიან ბევრია. მახსოვს, ადრე იყო მაგალითად ერთი ქართულის სახელმძღვანელო, რომლითაც ყველა სწავლობდა და ერთიან სისტემაში ექცეოდნენ მოსწავლეები. ასევე, ვფიქრობ „ხუთოსნების დაფაც“ უნდა იყოს... ზოგიერთ სკოლაში ვხვდები ხოლმე, მაგრამ ახლა ამას დიდ ყურადღებას აღარავინ აქცევს. კარგი იქნება ათოსნებისა და წარმატებული მოსწავლეების „საპატიო“ დაფა თვალსაჩინო ადგილას ეკიდოს. ვფიქრობ, ეს მოსწავლეებს სტიმულს მისცემს, რომ კარგად ისწავლონ.

დოდო მოდებაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე, სკოლაში გამოსაშვებ გამოცდებს დავაბრუნებდი. ვფიქრობ, ამით მოსწავლეები წლის ბოლოს უფრო მეტად მობილიზებულები გახდებიან და სწავლას მეტ ყურადღებას მიაქცევენ.

პაატა გაბელია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის დირექტორი:

სიმართლე რომ ვთქვა, წარსულიდან არაფრის დაბრუნება მინდა. ერთადერთი რაც მსურს არის ის, რომ სკოლაში მშობლები დაბრუნდნენ და ეს თუ ასე მოხდება, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს შევძლებთ. ახლა რეფორმები მიმდინარეობს და თუ ფეხი არ ავუწყეთ - მშობელმა და სკოლამ ისე არაფერი გამოვა. გამოცდებს რაც შეეხება, როგორც ვიცი არც ერთი დირექტორი და სკოლა არ არის შეზღუდული, რომ გამოცდა ჩაატაროს. კომუნისტების პერიოდშიც ტარდებოდა გამოცდები, მაგრამ რეალურად იმ შედეგს რაც უნდა ყოფილიყო არ იძლეოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეხედულებაა.

შორენა ბაკურაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის დირექტორი:

საკლასო ოთახებში ძველი სისტემიდან არაფერს დავაბრუნებდი, მაგრამ საშუალო საფეხურის ოპტიმიზაციას რა თქმა უნდა თანამედროვე ფორმით გავაკეთებდი; ანუ, საშუალო საფეხურზე, მე-9 კლასიდან უნდა გავიდნენ ის მოსწავლეები, ვისაც სწავლა სურთ და ამის შესაბამის კომპტენციებს ფლობენ. ადრე ძველად, მერვე კლასის შემდეგ მიდიოდნენ პროფსასწავლებლებში (ასე ერქვა ადრე) როცა არ უნდოდათ საშუალო საფეხურის დამთავრება. ამას დავაბრუნებდი, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით. ახლაც არის რა თქმა უნდა პროფესიული სასწავლებლები, მაგრამ არც პოპულარულია და არც სათანადო დონეზეა აღჭურვილი. პლუს, ქვეყანაც არ არის იმდენად განვითარებული, რომ დავუშვათ შემდეგ ადამიანები, ვინც პროფესია შეიძინეს შესაბამისად დასაქმდნენ.

ზურაბ აკობიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ცოტა ძველი თაობის პედაგოგი ვარ, ადრე იყო მასწავლებელთა გადამზადების ცენტრები, რომლებიც პედაგოგიურ ინსტიტუტებთან ფუნქციონირებდნენ. ძალიან კარგი იყო, მასწავლებლებს ერთ თვიანი გადამზადება უტარდებოდათ... თავად მეც მაქვს ამის გამოცდილება და იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ ამას აუცილებლად დავაბრუნებდი. მგონია, რომ ძალიან ეფექტური იყო. ასევე, სკოლაში დავაბრუნებდი გამოცდებს. მთელი ჩემი მოსწავლეობისა და დირექტორობის პერიოდშიც, როდესაც გამოცდები ინიშნებოდა სწავლის მხრივ კარგ შედეგებს ვდებდით. მასწავლებელიც და მოსწავლეც ძალიან მოტივირებულები იყვნენ, რაც შედეგებზე დადებითად აისახებოდა. მოსწავლეებისთვის გამოცდების დანიშვნა ძალიან ეფექტური საშუალებაა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203