თბილისის N32 საჯარო სკოლა გუშინ რუსთაველზე გამართულ მდუმარე აქციას ეხმიანება და უერთდება სლოგანს - „მშვიდობა ომზე მეტია“.
სკოლის ეზოში, საქართველოს ჰიმნის თანხლებით, მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსნოვნას და საკუთარი ერთობით „მშვიდობა“ გამოსახეს.
32-ე სკოლაში დღევანდელი გაკვეთილები საქართველოს მთლიანობასა და ისტორიას მიეძღვნა. მასწავლებელთა თქმით, ბავშვებმა ამ გზით კარგად გაითავისეს ქვეყნის წარსული, დაღუპული გმირების ღვაწლი და ომის სისასტიკე. მათ ერთხმად მშვიდობა აირჩიეს.
სკოლის დირექტორი ნინო ხუციძე-კაშია აქციის მნიშვნელობასა და მასში ბავშვების ჩართულობაზე საუბრობს:
„სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება სკოლის ასაკიდან იწყება. ჩვენმა ბავშვებმა დღევანდელი აქციით საკუთარი პოზიცია ცხადად გამოხატეს, ისინი უარს ეუბნებიან ომს და ირჩევენ მშვიდობას.
32-ე სკოლამ ბევრი ცნობილი პიროვნება აღუზარდა სამშობლოს. ჩვენ გვყავს გმირები ბესარიონ კივილაძე, რომელიც აფხაზეთის ომს შეეწირა და ალექსანდრე თანდაშვილი, რომელიც სამაჩაბლოში დაეცა. სკოლა ქედს იხრის მათი მშობლების წინაშე და მადლობას უხდის ჩვენს მასწავლებლებს, რომლებმაც სამშობლოს გმირები აღუზარდეს.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას - „მშვიდობა ომზე მეტია.“
იხილეთ ფოტოები