„შაბათობა“, ალგებრა, გამოცდები, ცეკვის გაკვეთილები - რას დააბრუნებდნენ დირექტორები სკოლებში
24-03-2022
საქართველოს განათლების სისტემაში სიახლეები მუდმივად ინერგება. რეფორმების ფონზე არაერთი ძველი ბრძანება თუ წესი შეიცვალა, რომლებიც სკოლებში უკვე ტრადიციადაც კი იყო ქცეული; მაგალითად, გაუქმდა „კატის“ გამოცდები, „ხუთოსანთა დაფა“, მშობელთა კრებაზე მოსწავლეების შედეგების საერთო განხილვა და ა.შ. 

Etaloni.ge დაინტერესდა რომ იყოს შესაძლებელი, რას დააბრუნებდნენ წარსულიდან ახლანდელ განათლების სისტემაში დირექტორები და სწორედ ამ მიზნით საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.

ირმა ხარაზიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლის დირექტორი:

წარსული დროიდან პირველ რიგში გამოცდებს დავაბრუნებდი, რადგან მოსწავლეები უფრო მეტად მოტივირებულები იყვნენ და უკეთესი აკადემიური მოსწრებაც ჰქონდათ. ყველა ახერხებდა, საგნები ესწავლა და გამოცდები ამას ხელს ძალიან უწყობდა. ვფიქრობ, გამოცდებს მხოლოდ მე კი არა ყველა ხელმძღვანელი პირი იტყვის. ასევე, მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე სამხედრო სწავლება თუ იქნებოდა ძალიან კარგია.

გენადი ჩოვუშიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ძველი დროიდან საატესტატო გამოცდების დაბრუნება საჭიროა. დღევანდელმა მოსწავლეებმა იციან, რომ როგორც არ უნდა ისწავლონ სკოლის დასრულებისას ატესტატს მაინც აიღებენ. აღარ არიან დაინტერესებულები ისწავლონ. ასევე, ადრე ცალკე საგნად ისწავლებოდა ალგებრა და ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ამის დაბრუნებაც კარგი იქნებოდა.

ლელა კობერიძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლის პედაგოგებისგან ხშირად მსმენია, რომ ადრე ცალკე იყო შრომის გაკვეთილები და ძალიან კარგი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა სოფელშია და შრომის გაკვეთილებზე კოლექტიური ღონისძიებები კეთდებოდა, როგორიც მაგალითად „შაბათობა“ იყო. ახლა მსგავსი აქტივობები იშვიათია. დღეს უკვე ბევრი რამ ისე შეიცვალა, რომ დაბრუნება კი არა, რასაც ვაკეთებთ, იმის მიღწევაც უკვე შეუძლებელია. არაფორმალური განათლება უფრო გვაკლია. ბავშვებსაც ვატყობ, რომ მეტი ხალისით აკეთებენ ერთობლივ პროექტებს. სხვა მხრივ, სკოლაში სიმკაცრეს ნაკლებად დავაბრუნებდი. თანამედროვე ბავშვებში სიმკაცრის ფორმა უკვე ნაკლებად მისაღებია.

მედეა ფაღავა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

წარსულიდან დამამთავრებელ კლასებში აუცილებლად გამოცდებს დავაბრუნებდი, რადგან ბავშვები უფრო მობილიზებულები და სწავლაზე ორიენტირებულები იქნებიან. გამოცდების შემთხვევაში მოსწავლეები დაინტერესებულები იქნებიან მეტად იმუშაონ და ცოდნის დონე აიმაღლონ. ასევე, ძველად დაწყებითებში, მე-4 კლასში იყო ცეკვის გაკვეთილი და ეს ბავშვებს ბევრ რამეში ეხმარებოდა ის ერთი გაკვეთილიც კი კვირის მანძილზე. იცოდნენ ბავშვებმა სხვადასხვა ღონისძიებებზე რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. ეს გაკვეთილი ესთეტიკურ განათლებას ხელს ძალიან უწყობდა.

თამილა მეგრელი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი:

ადრე სკოლაში ისწავლებოდა რელიგიის ისტორია და კულტურა და მინდა დაბრუნდეს. მოსწავლეები რელიგიურ სისტემაში უფრო გათვითცნობიერებულები იქნებიან. ისწავლიან ყველა რელიგიურ მიმდინარეობას. ბავშვს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა, თუ რითი განსხვავდებიან რელიგიები ერთმანეთისგან, რა არის ურთიერთპატივისცემა. ვფიქრობ, ეს საკითხები ბავშვებმა უნდა იცოდნენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203