„სუბიექტურიც და, ამავე დროს ობიექტურიც ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ უფალმა, იცოდა რა ქალის ძლიერი ბუნების, მისი შინაგანი სამყაროს შესახებ, დააკისრა მას ყველაზე მძიმე, თუმცა ლამაზი მისია - დედობის მისია და ქალი რისი ქალია, თუ ამ ვალს უფლის წინაშე არ შეასრულებს პირნათლად და ესოდენ მძიმედ სატარებელ ტვირთს სასიამოვნოდ არ აქცევს. ქალი, დედა, ის ადამიანია, რომელსაც ყოველდღე მოფერება, მზრუნველობა სჭირდება და რაოდენ სასიამოვნოა, როცა ამას გრძნობენ შვილები, ისინი, ვინც არიან გაგრძელება ქალის, დედის არსებობის. დედის დღე მხოლოდ 3 მარტი კიარა, ყოველი დღეა, როცა პირმშოს ბედნიერს ხედავს.
დედებს მიეძღვნათ ლამაზი საღამო კარწახის საჯარო სკოლაში, სადაც შვილებმა ულამაზესი სიტყვებით, ლექსებით, სიმღერებითა თუ ცეკვებით მიულოცეს დედიკოებს გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღე. კარწახი ჯავახეთშია, ჯავახეთს გაზაფხული ჯერ არ დატყობია, მაგრამ რას დააკლებს სუსხი, თოვლი, ქარი ამდენ თბილ გულს, რა შეუძლია გარეთ სიცივეს, როცა სულში გაზაფხულია.
ძალიან ლამაზი, ემოციური, სიყვარულით სავსე, განუმეორებელი იყო ის, რაც მოსწავლეებმა აჩვენეს. ცრემლი ბრწყინავდა თითოეული დედის თვალში და, რაც ყველაზე მთავარია, საღამო ორ ენაზე, ქართულად და სომხურად გაიმართა.
არავინ გრძნობდა, რომ უცხო სიტყვა ესმოდა, დედებს ხომ ისედაც უთქმელად ესმით შვილების, დასრულდა ულამაზესი საღამო და უდიდესი შთაბეჭდილებით სავსე მაყურებელი ვერც კი გრძნობდა, რომ ამ სითბოთი სავსე დარბაზს მიღმა ჯერ კიდევ შორსაა გაზაფხული....
საღამო მოამზადა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ კვინიკაძემ, სომხურის კათედრის წარმომადგენლებთან სათენიკ იგიტიანთან და ჰაკობ ქეროფიანთან ერთად, ასევე სკოლის დირექტორ ერვანდ ვარდერესიანთან ერთად, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას კოლეგებს ყველა კარგი საქმის წამოწყების დროს.“
ავტორი: კარწახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ კვინიკაძე