„გადამზადდება ბაღის ყველა აღმზრდელი და კვალიფიკაციის დამდასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა“ - გვანცელაძე
25-03-2022

საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-სა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, „ჰართის“ პროგრამით, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა გადამზადება დაიწყო.

თითოეულ ტრენინგს 16 აღმზრდელი ესწრება. პროგრამის დასრულების შემდეგ მათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროგრამა „ჰართი“ („HEART” – Healing and Education Through the Arts) არის ხელოვნების გზით განათლებისა და გაჯანსაღების მეთოდოლოგია, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებს სტრესის დაძლევაში, ემოციების მართვაში, კომუნიკაციისა და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. პროგრამის ეფექტიანობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი პილოტირების შედეგების კვლევებით დადასტურებულია. პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესში ჩართვისა და განვითარებისათვის.

ტრენინგებს „ჰართის“ პროგრამის ტრენერები, ნინო ჩქვიმიანი და ნუცა ფრუიძე უძღვებიან. მათ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე ერთ-ერთ ტრენინგზე შეხვდა და წარმატებები უსურვა ამ მნიშვნელოვან პროექტში.

„ჰართი“, რომელიც გასულ წლებში საპილოტე რეჟიმში, 12 საბავშვო ბაღში განხორციელდა, წელს 40-მდე ბაღში შევა. ამასთან ერთად, მოხდება ტრენერთა გადამზადება, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენივე რესურსით, ხელი შევუწყოთ ამ მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიის დანერგვას თბილისის ყველა ბაღში. ჩვენი მხრიდან უწყვეტი იქნება საჭირო მეთოდური მასალებით ბაღების მომარაგების პროცესი. გადამზადდება ყველა აღმზრდელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია განახორციელებს 250 000 ლარის ინვესტიციას, გადაამზადებს 12 „ჰარტ“ ტრენერს და 39 საბავშვო ბაღის 318 აღმზრდელს, ასევე, მონაწილეებს უზრუნველყოფს აუცილებელი სამუშაო მასალით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203