რა ხდება იორმუღანლოს საჯარო სკოლაში? - სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული სექტორის პედაგოგი სკოლაში რჩება
06-03-2018
იორმუღანლოში მასწავლებლის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულის სექტორის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეა გურგენიძე სკოლაში რჩება.

როგორც საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსმა მანანა ცუცქირიძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, მანდატურის სამსახურის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ძალადობდა თეა გურგენიძე ორ მოსწავლეზე. მისი თქმით, ცემის ფაქტი რეალურად არსებობს, თუმცა სამეურვეო საბჭომ მსუბუქ ძალადობად ჩათვალა და მასწავლებელი არ გაათავისუფლა სკოლიდან:

„მანდატურის სამსახურის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მასწავლებლის მიერ მე-4 კლასელი მოსწავლის ცემის ფაქტი. 2 მოსწავლეს სცემა ამ მასწავლებელმა. შედგა ოქმი და გადაეგზავნა მანდატურის სამსახურს, შემდგომი რეაგირებისთვის მიუვიდა დირექტორს და გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება დირექტორმა აცნობა სამეურვეო საბჭოს. სამეურვეო საბჭომ გამართა სხდომა, სადაც გამოიტანა გადაწყვეტილება, აღნიშნული ცემის ფაქტი იყო მსუბუქი და ამის გამო არ იმსახურებს მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებას. ახლა დასკვა გვაქვს, რომ არ გათავისუფლდეს ეს მასწავლებელი სამსახურიდან, თუმცა ცემის ფაქტი რეალურად არსებობს,“  - აღნიშნა მანანა ცუცქირიძემ.

გუშინ სკოლაში თეა გურგენიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. 21 მოსწავლე პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შევიდა. თეა გურგენიძე ცემის ფაქტს უარყოფს და 19 თებერვალს მომხდარ ამბავს იხსენებს:

„სამეურვეო საბჭომ ოფიციალურად გამოითხოვა ვიდეოჩანაწერის ნახვის უფლება. კადრში ჩანს, კლასში ჩამოვიარე და შევამოწმე დავალება. ერთ მოსწავლესთან მივედი, ბავშვი ქვეშმიწერით მიმატების მოქმედებას ასრულებდა და შეცდომები ჰქონდა, მას რვეულზე ფანქრით მივუთითე, თუ როგორ უნდა ამოეხსნა დავალება. როგორც რესურსცენტრის უფროსი ამბობს, კალამი ჩავარჭვე ბავშვს, თუ მოსწავლეს კალამი ჩავარჭვე, ხელზე დაზიანება ხომ უნდა ჰქონდეს? მე-2 მოსწავლე უკან იყურებოდა, მელოდებოდა, რომ მივსულიყავი და დავალება შემემოწმებინა, მივედი მასთან და მხარზე დავადე ხელი. როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამტკიცებს, წიგნით ვცემე ბავშვს, რამდენჯერმე ჩავარტი. არადა წიგნი არ მჭერია ხელში. იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ჩემზე, სიმართლე გითხრათ, მეც შემეპარა ეჭვი ჩემს სიმართლეში. გაასაჯაროვოს სამინისტრომ ეს ჩანაწერი, ყველამ თავისი თვალით ნახოს, რა მოხდა და როგორ. მე რომ მოძალადე მასწავლებელი ვიყო, არც ბავშვი დამიდგებოდა გვერდით და არც მშობელი. გუშინ ისეთი ხალხი იყო მოსული აქციაზე, რომელთა შვილებსაც არ ვასწავლი. ჩემი მეთოდი არ არის ცემა-ტყეპა. ველოდები სამინისტროს პასუხს. ამ დრომდე არავინ არ დამკავშირებია. 12 წლის წინ წამოვედი აქ და დირექტორთან ერთად ქართული სექტორი გავხსენი, ხუთი წლის წინ კი ქართული ბაღი და ბიბლიოთეკა დავაარსე. დავტოვებ სკოლას, თუ ჩემი წასვლა ამ რეგიონს გამოაკეთებს. მაგრამ ვერ გავჩუმდები, რადგან ეს ჩემს სახელმწიფო ენას ეხება. მასწავლებელები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს. ამიტომაც ქართული სექტორის მოსწავლეები ქართულად ვერ მეტყველებენ. რესურსცენტრის უფროსმა მითხრა, რომ ამ თემებზე ხმამაღლა საუბრით, მე განათლების სისტემას ვაყენებ შეურაცხყოფას. ჩემი სკოლიდან გათავისუფლება მის ინტერესებში შედის.“

იორმუღანლოს სკოლის დირექტორის ვაგიბ ახმედოვის თქმით, როგორც დისციპლინური კომიტეტის, ასევე სამეურვეო საბჭოს ოქმები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაგზავნეს და მათგან ელოდებიან რეაგირებას.

Etaloni.ge განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203