ბაღში ჩარიცხული უკრაინელი ბავშვის დედა და აღმზრდელი აფხაზეთში მეზობლები იყვნენ
31-03-2022

დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ  N69 საბავშვო ბაღში მომხდარი ისტორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.

„ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა - ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203