სკოლას წლიური გამოცდის დანიშვნა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, რომ ამის შესახებ ინფორმაცია სასკოლო სასწავლო გეგმაში იყოს ასახული.
რომელი საფეხურის მოსწავლეებისთვის შეიძლება დაინიშნოს წლიური გამოცდა?
წლიური გამოცდა შეიძლება დაინიშნოს საბაზო/საშუალო საფეხურზე. თუ სკოლას სურს საგნის წლიური გამოცდის დანიშვნა, მან სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა განსაზღვროს, რომელ კლასში ან კლასებში და რომელ საგანში/საგნებში ჩაატარებს გამოცდას. ასევე მნიშვნელოვანია, სკოლამ დაადგინოს, ექნება თუ არა ამ გამოცდაზე მიღებულ ქულას გავლენა საგნის წლიურ ქულაზე.
რამდენ საგანშია შესაძლებელი გამოცდის დანიშვნა?
ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ერთი კლასისთვის გამოცდა არაუმეტეს ორ საგანში შეიძლება დაინიშნოს. ამავე დროს, ერთსა და იმავე საგანში გამოცდებს შორის უნდა იყოს ორწლიანი შუალედი. მაგალითად, თუ სკოლამ გადაწყვიტა, რომ მე-9 კლასს წლიური გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტაროს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ამ კლასისთვის ამავე საგანში წლიური გამოცდის ჩატარების უფლება აღარ ექნება (ეს არ ეხება იმ საგნებს, რომლებშიც სკოლებს გაძლიერებული სწავლების სტატუსი აქვთ მიღებული).
როგორი დავალებებია დაუშვებელი წლიურ გამოცდაზე?
სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წლიურ გამოცდაზე შემაჯამებელი დავალების მსგავსი კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალებები შესთავაზოს. დაუშვებელია წლიურ გამოცდაზე არჩევითპასუხიანი ტესტების შეთავაზება.
ახდენს თუ არა წლიური გამოცდა გავლენას მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე? როგორ გამოითვლება ასეთ დროს სემესტრული ნიშანი?
თუ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ გამოცდის ქულას გავლენა აქვს საგნის წლიურ ქულაზე, მაშინ საგნის წლიური ქულა სამი (ორი - საგნის სემესტრული და ერთი - გამოცდის) ქულის საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).