ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის პატარების ხელით დამზადებული ფრინველთა საკვებურები - სასკოლო მზაობის ჯგუფის შთამბეჭდავი პროექტი
30-03-2022

ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის პატარებს გარემოზე ზრუნვას ასწავლიან და ისეთ მნიშვნელოვან უნარებს უვითარებენ, როგორიცაა ემპათია, თანაგრძნობა და ყურადღება. ამასთან, ბავშვებისთვის ბუნებასთან და ცოცხალ არსებებთან ურთიერთობას ხომ ბედნიერება მოაქვს. 

სწორედ ამიტომ, ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ინგა მჟავანაძემ პატარების ფრინველებზე ზრუნვის სურვილი წაახალისა და აღსაზრდელებს პროექტი - „ფრინველების საკვებურები“ შესთავაზა. 

პროექტის იდეა კი ასე გაჩნდა: სასკოლო მზაობის ჯგუფში, წრეში, პირველი შეხვედრისას, ფანჯრის რაფაზე ჩამოსკუპებული ბეღურები, მინაზე ნისკარტით აკაკუნებდნენ. სიცივისაგან მობუზულები, თითქოსდა, შველას ითხოვდნენ. ბავშვებმა ფანჯარა გამოაღეს, დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა, შეშინებულმა ფრინველებმა, იქვე ახლოს, ხის ტოტს შეაფარეს თავი.

მასწავლებელმა სასაუბრო თემა შეცვალა და ბავშვებს ჰკითხა: როგორ ფიქრობთ რატომ მოვიდნენ ჩვენთან ასე ახლოს? როგორ უნდა დავეხმაროთ? ბავშვებმა სხვადასხვა მოსაზრებები გამოთქვეს.

სიტუაციიდან და ბავშვების ინტერედებიდან გამომდინარე აღმზრდელ-მასწავლებელმა ემერჯენტული კურიკულუმის მიხედვით, პროექტი - „ფრინველების საკვებურები“ დაგეგმა. 

წრის ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე აღმზრდელმა ბავშვებს აჩვენა ვიდეომასალა, თუ როგორ უვლის სახლის პირობებში ბეღურას. ნანახით აღფრთოვანებულებმა პატარებმა ფრინველების დახმარების მზაობა და სურვილი გამოთქვეს. 

პროექტის ფარგლებში, ხელოვნების ცენტრში, ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად მეორადი მასალისგან (რძის ყუთები, ერთჯერადი თეფშები) საკვებურები დაამზადეს, შემდეგ კი ეზოში, საკვების ნარჩენებთან ერთად გაიტანეს. შეარჩიეს ადგილი და ბეღურებს საცხოვრებლი მიუჩინეს. პატარებმა ფრინველებს ნარჩენები დაუყარეს და კმაყოფილებმა გუნდაობა გააჩაღეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203