„სკოლამ პოზიტიური კომუნიკაციის სტარატეგიები უნდა გამოიყენოს“- დირექტორები მშობლების კეთილგანწყობის დამსახურების შესახებ
31-03-2022

შეიძლება ითქვას, ყველა თანხმდება, რომ სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვისთვის, აუცილებელია, რომ მოსწავლეთა მშობლებს, პედაგოგებსა და დირექტორს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ. თუმცა, კეთილგანწყობის მოპოვება მარტივი არაა, ამისთვის სკოლამ ბევრი უნდა იშრომოს და გამოწვევებსაც გაუმკლავდეს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ საქართველოს სკოლების დირექტორები, როგორ უნდა მოიპოვონ მათ მშობელთა კეთილგანწყობა.

გრიშა გიგაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ ყოვლისა, პედაგოგები და დირექტორი მშობლების მიმართ კეთილგანწყობილი უნდა იყვნენ. მათთან ხშირი კონტაქტია საჭირო, უნდა დააინტერესო შვილის სწავლით, ეს პირველ რიგში, დამრიგებელმა უნდა გააკეთოს. შემდეგ კი მან ინფორმაცია დირექტორამდე და თითოეული საგნის მასწავლებლამდე უნდა მიიტანოს. ზოგადად, კეთილგანწყობა მხოლოდ სიკეთით და კარგი შრომით მოიპოვება. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მშობელი მასწავლებელს ენდობა. პედაგოგმა მათ შვილების შესახებ ინფორმაცია ხშირად უნდა მიაწოდოს. მშობლის ნდობა სკოლისა და მასწავლებლისთვის დიდი ავტორიტეტია.

შახვალათ ნაბიევი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორმა და პედაგოგებმა პოზიტიური კომუნიკაციის სტარატეგიები უნდა გამოიყენონ. როდესაც სკოლაში კლასგარეშე აქტივობები ტარდება, მშობელები ინფორმირებული უნდა იყვნენ, რათა მონაწილება მათაც მიიღო. თანაც ამ კლასგარეშე აქტივობაში თავიანთი შვილების მიღწევების ნახვა შეუძლიათ. მშობელმა უნდა გაიგოს, სკოლა მოსწავლის პიროვნული განვითარებისათვის ყველაფერს აკეთებს და აქტიურად ზრუნავს. მშობლებთან შეხვედრების დროს უნდა გამოვიყენოთ ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები. პირველ რიგში, ბავშვის აკადემიური მიღწევები უნდა გააცნოს, მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სკოლა და პედაგოგები მოსწავლეების აკადემიური მიღწევებით დაინტერესებული არიან. ჩემს სკოლაში ამ მხრივ, კარგი მდგომარეობაა, რადგან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიებს ვიყენებთ.

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, მასწავლებელს ენდობა თუ არა მოსწავლის მშობელი. საჭიროა, მშობლების კეთილგანწყობა და ურთიერთთანამშრომლობა. ეს კი სასწავლო პრიცესის კარგად წარმართვით, ბავშვებთან სწორი კომუნიკაციითა და მათი წახალისებითაა შესაძლებელი. ჩემი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, სულ 14 მოსწავლე გვყავს და ამ მხრივ, იდეალური მდგომარეობაა, ერთი ოჯახივით ვართ.

ნათია კანდელაკი, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის საჯარო სკოლის დირექტორი:

სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, მშობელთა დამოკიდებულება და კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ სასკოლო პროცესში მშობლებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული. წელიწადში მინიმუმ ორჯერ, საფეხურების მიხედვით, მშობელთა საერთო კრებას ვატარებ. მე, როგორც დირექტორი, მათ ინფორმირებასა და ჩართულობაზე ვზრუნავ. ვცდილობ შეხვედრები მშობლებისთვის საინტერესო და არამოსაბეზრებელი იყოს. თავიანთი შვილების ნამუშევრებს სიურპრიზად ვახვედრებ. მოსწავლეების მიღწევებს ვაჩვენებ. ისინიც ჩვენდამი კეთილგანწყობილები არიან. მე არ შემხვედრია მშობელი, რომელიც, ამ მხრივ, რაიმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კრებებს ტრადიციული მშობელთა კრების სახე არ აქვს.

ტარიელ სირბილაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი:

კეთილგანწყობის მოპოვება აქტიურობით, მათი ხშირი მოწვევითა და ინფორმირებით შეიძლება. აუცილებელია, რომ მათ თავიანთი შვილების მიღწევები გავაცნოთ. უამრავი გზით შეიძლება მშობლისა და მასწავლებლის ერთმანეთთან დაკავშირება. ამით კი მოსწავლეთა სწავლის ხარისხი და ცოდნა მაღლდება. როდესაც მშობლის ნდობა იზრდება, კონტინგენტიც იზრდება. ყველას ენდომება, რომ იმ სკოლაში მიიყვანოს შვილი, რომელიც კარგი რეპუტაციით სარგებლობს - სანდოა, სასწავლო გარემო უსაფრთხოა და სწავლის ხასისხი მაღალია. ჩემს სკოლაში ამ მხრივ, ძალიან კარგი მდგომარეობაა. მშობლებსა და სკოლას კარგი ურთიერთობა აქვთ. ჩვენ სკოლაში „მშობელთა კლუბიც“ გვაქვს, თვეში ერთხელ იკრიბებიან და სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. მაგალითად, როგორიცაა ჰიგიენური მდგომარეობა, უსაფრთხოება, წესრიგი, სხვადასხვა საგნების სწავლების მხრივ, მოსწავლეების მდგომარეობა აქვთ და ა.შ.

ვაგიფ მუსაევი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობელები სკოლაში როდესაც მოდიან, ჩვენ ვაცნობთ, თუ რა მდგომარეობა აქვს მის შვილს. ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ინფორმირებულები იყვნენ და თუ რაიმე პრობლემაა ერთად აღმოვფხვრათ. განვიხილავთ რა პრობლემაა და მოგვარების გზებსაც ვსახავთ. ჩემი სკოლა სოფლისაა, აქ ყველას ვიცნობთ. მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. ისეთი, როგორც მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

დალი დიასამიძე, ბათუმის N23 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეთა მშობლების კეთილგანწყობის მოპოვება სხვადასხვა აქტივობით შეიძლება. ისინი სკოლას რომ ენდობოდნენ, სკოლა დაცული, უსაფრთხო და მოწესრიგებული უნდა იყოს. მშობელი უნდა გრძნობდეს, რომ თავისი შვილი სკოლაში დაცულია, უსაფრთხოდაა. თუ სკოლას არ ვენდობი, იქ შვილს არც მივიყვან. აქედან გამომდინარე, როდესაც ბავშვებს არეგისტრირებენ, ყურადღება მასწავლებელთა აკადემიურ მომზადებასაც ექცევა. მშობლები იმის მიხედვით არჩევენ პედაგოგს, თუ რამდენად მოწესრიგებულია და რა ცოდნას ფლობს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რა მიღწევები აქვთ ჩვენს კურსდამთავრებულებს. მაგალითად, რამდენი მათგანი მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში, მოიპოვა გრანტი და ა.შ. ამის მიხედვით კი განსაზღვრავენ სკოლას რამდენად მაღალი აკადემიური მაჩვენებელი აქვს.

ლელა ხითარიშვილი, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:

მშობლების კეთილგანწყობა სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სკოლისა და სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი არიან. როდესაც მშობელი ხედავს, რომ მასწავლებელი ნამდვილად ზრუნავს მოსწავლის განათლებაზე, კეთილგანწყობა უკვე თავისთავად მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დამოკიდებულება. ამას მშობელი აუცილებლად ამჩნევს და ეს პედაგოგთან ურთიერთობაზეც აისახება. ჩემს სკოლაში, როგორც ყველგან, მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩართული არიან. ჩვენი მოსწავლეების ნახევარი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები არიან, ამ შემთხვევაში, კი სოციალურ მუშაკებთან და მათ აღმზრდელებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათთან გამუდმებით ვმუშაობთ, ვაწვდით ინფორმაციას და უკუკავშირსაც ვიღებთ. ამ მხრივ, დღემდე პრობლემა არ ყოფილა და იმედია, მომავალშც ასე იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203