„მოსწავლეებისგან კი არ უნდა მოითხოვდე პატივისცემას, უნდა იმსახურებდე“- შორენა კაკაბაძე, ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
31-03-2022

შორენა კაკაბაძემ სკოლაში მუშაობა 1994 წელს დაიწყო. ამ დღიდან, მისი ყოველი დღე სკოლას უკავშირდება. ამბობს, რომ მთავრია, მოსწავლეს გაუგო, მაშინ ის არც გაწყენინებს და არც იმედებს გაგიცრუებს. დღეს, პედაგოგების ოჯახში გაზრდილი შორენა კაკაბაძე მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორია. იგი ამ თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს. აღნიშნავს, რომ გამოცდები მისი სტიქიაა და მართლაც, წლების განმავლობაში, არაერთი გამოცდა ჩააბარა და კვალიფიკაცია აიმაღლა. ახლა სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას ასწავლის. რაც მთავარია, ის პედაგოგებითა და მოსწავლეებით ამაყობს, მას თავისი სკოლის სჯერა. 


მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე Etaloni.ge-ს სკოლის, პედაგოგების, მოსწავლეების, არსებული გამოწვებისა და საკუთარი თავის შესახებ ესაუბრა. 

- რამდენი წელია, რაც სკოლაში მუშაობთ?

- სკოლაში მუშაობა 1994 წელს დავიწყე. მოსწავლეებს ქიმიას ვასწავლიდი, დამთავრებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი. შემდეგ ატესტაცია გავიარე. პროფესიით ინჟინერი ვიყავი და მჭირდებოდა ისეთი საბუთი, რაც ჩემს ნაბიჯს, რომ მუშაობა სკოლაში დამეწყო, გამიმყარებდა. 2010 წელს პროფესიულ უნარებში მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩავაბარე. 2011 წელს კი პირველიდან მეოთხე კლასამდე კომბინირებული დაწყებითი კლასების მასწავლებლის გამოცდა. ამავე წელს, დირექტორების გამოცდაც ჩავაბარე, რათა შესაბამისი საბუთი მქონოდა. მას შემდეგ, რაც დაწყებითი კლასების გამოცდა ჩავაბარე, მათ ვასწავლი და არა ქიმიას. 2012 წელს ხონის N1 საჯარო სკოლაში დირექტორის ვაკანსია გამოჩნდა, ჯერ მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნეს და 2014 წელს უკვე არჩეული დირექტორი ვიყავი. 2015 წელს პირველიდან მეექვსე კლასამდე მათემატიკის მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა ჩავაბარე. ამ ეტაპზე, სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას ვასწავლი.

- თქვენთვის თქვენი საქმიანობა რამდენად საინტერესოა?

- პროფესიით, როგორც უკვე აღვნიშნე, ინჟინერი ვარ, მაგრამ, რატომაღაც, ბავშვობიდანვე მასწავლებლობა მაინტერესებდა. პედაგოგების ოჯახში გავიზარდე. დედაჩემი მასწავლებელი, ბებია ერთი სკოლის, ხოლო ბაბუა მეორე სკოლის დირექტორი იყო. მე თავიდან ნახახულევის საჯარო სკოლაში დავიწე მუშაობა, დედაც სწორედ იქ ასწავლიდა. ალბათ, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რატომაც პედაგოგობით დავინტერესდი. მე ბავშვობიდანვე მოსწავლეებს, საკონტროლო ნამუშევრებს, წითელ ავტოკალამს ვუყურებდი და ამიტომაც სკოლის მიმართ ინტერესი მქონდა. ალბათ, ასე მარტივად პროფესიის შეცვლაც ამან განაპირობა. ჩემი პირველი სამსახურიც სკოლა იყო, ნახახულევის სკოლაში დირექტორის მოადგილეც ვიყავი აღმზრდელობით დარგში. ღონისძიებების მოწყობა მევალებოდა, რაც ჩემი მოწოდება იყო და დიდი სიამოვნებით ვასრულებდი. ვფიქრობ, რომ იქაც ნაყოფიერად ვმუშაობდი, მეამაყება, რომ, როდესაც იქედან მოვდიოდი, სკოლაში ყველა განიცდიდა. ყოველთვის მასწავლებელი ვიყავი, ერთი დღეც არ მიმუშავია სხვა პროფესიით.

- რამდენი მოსწავლეა თქვენს სკოლაში?

- სკოლაში ამჟამად 654 მოსწავლეა. როდესაც მე მუშაობა დავიწყე, მაშინ 347 ბავშვი გვყავდა, პარალელური კლასები, ფაქტობრივად, არ იყო. შემორჩენილი იყო მხოლოდ მე-10 და მე-11 კლასში, მაგრამ იქაც ისეთი მდგომარეობა იყო, რომ კლასების შეერთება მომიწია. სკოლაში ძალიან კარგი კოლექტივია, გავაერთიანეთ ძალები, ჯერ 2-2 პარალელური კლასი იყო, შემდეგ 3-3, ხოლო ახლა ვეჭიდებით, რომ მეოთხე პარალელიც იყოს.

- ამდენი წლის განმავლობაში, რა იყო მთავარი გამოწვევა, რასაც სკოლაში აწყდებით?

­- გამოწვევებსა და პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ, თუ სურვილი გვაქვს, გადაუჭრელი პრობლემა ნაკლებად რჩება. მაგალითად, გამოწვევა იყო პანდემია. გაუმართავი კომპიუტერული სისტემა გვქონდა, სულ რამდენიმე მათგანი მუშაობდა. ასევე, პედაგოგებს ტექნოლოგიების ფლობის გამოცდილება ნაკლებად ჰქონდათ. ერთმანეთს ჩვენ თვითონ ვასწავლიდით, შევიკრიბებოდით ისტ-ის მასწავლებელი, ჩვენი თანამშრომლების შვილები, ვინც კარგად იცოდნენ კომპიუტერის მოხმარება და ერთმანეთის გადამზადებაში ისინი გვეხმარებოდნენ. ამ მხრივ, ფეხზე დავდექით და დღეს ეს უკვე ჩვენთვის გამოწვევა აღარ არის. მასწავლებლები ამ ტექნოლოგიებს იმ დონეზე მაინც ფლობენ, რომ ონლიან გაკვეთილი ჩაატარონ და მოსწავლეებს ელექტრონული რესურსები მიაწოდონ. ჩვენი სკოლა ახალი სკოლის მოდელშიც ჩართულია და ამის ფარგლებში, სკოლა ახალი ლეპტოპებით აღიჭურვა.

- როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს?

- კოვიდის გამო მასწავლებელი დაგვეღუპა. 2021 განსაკუთრებულად რთულად გავიარეთ. 2020 წლის დეკემბერში მთელი სკოლა ონლაინ ვიყავით, რადგან ვირუსი ძალიან ბევრს ჰქონდა, მათ შორის მეც, ბუღალტეს და მოადგილესაც. ახლაც, მასწავლებელი რომ გარდაგვეცვალა, 1 თვე ვიყავით ონლაინზე. ვირუსი ყველას ელვის სისწრაფით მოედო. თებერვალშიც 2 კვირა ონლაინ ვისწავლეთ. მასწავლებელი არ დაგვრჩა სკოლაში, რომ გაკვეთილი ჩაეტარებინა, თორემ რამდენიმე ბავშვი მოდიოდა. დისტანციურმა სწავლებამ ამ მდგომარეობას ნამდვილად უშველა, მართალია, ის საკლასო ოთახებში სწავლას ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ დადებითი მხარეებიც ჰქონდა. მაგალითად, იგივე ტექნოლოგიებთან დაახლოება, ასევე, ოჯახებმა მასწავლებლები უკეთ გაიცნეს. თუკი მანამდე მშობელი სკოლაში იშვიათად დადიოდა და პედაგოგებს კარგად არ იცნობდა, პანდემიამ უფრო დაახლოვა და ბევრმა მათგანმა დამირეკა და მადლობა გადამიხადა, რომ მოსწავლეების განათლებაზე ასე ვზრუნავთ. რაც მარტის არდადეგებიდან დავბრუნდით, სულ რამდენიმე მოსწავლეა ისეთი, ვინც დისტანციურზე დარჩა. სკოლაში რომ ჟრიამულია, ძალიან კარგია.

- თქვენი სკოლის პედაგოგები წელს გამოცდაზე გასვლას აპირებენ?

- სკოლაში სულ 40 პედაგოგია. გვყავს უფროსი მასწავლებლები, რომლებიც წამყავნების გამოცდაზე აპირებენ გასვლას. გამოცდები ჩემი სტიქიაა და სტატუსის ასამაღლებლელ გამოცდაზე პირველი დავრეგისტრირდი. მყავს წამყავანი მასწავლებლებიც, გამოცდაზე გასვლას ისინიც ფიქრობენ. ერთია თეორიული ცოდნა, მეორეა პრაქტიკა. მე იმდენი რამ ვისწავლე თეორიის კითხვით. მაგალითად, როგორ ჩავატაროთ თანამედროვე გაკვეთილი, როგორ გამოვიყენოთ სწავლა-სწავლების ახლებური მიდგომები. ბავშვი თავს დაბადებიდანვე პიროვნებად გრძნობს. მასწავლებელმა მოსწავლეს ზემოდან არ უნდა უყუროს, კი არ უნდა მოითხოვდე პატივისცემას, უნდა იმსახურებდე. მოსწავლეები მოთხოვნას ვერ გებულობენ. როდესაც შენ ბავშვებს პიროვნებად აღიარებ, გვერდით დაიუდგები და ემეგობრები ისინიც პატივს გცემენ. ოღონდ, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მეგობრობაშიც ბალანსის და ზღვარის დაცვაა საჭირო. როდესაც მოსწავლის ტკივილი გეტკინება და ის მეგობრად ჩაგთვლის, არ გაწყენინებს. ბავშვის გულამდე მისასვლელი გზა უნდა მოვძებნოთ და მერე არაფერი გაგვიჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ცოდნა გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, დღეს მასწავლებლის პროფესია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველია?

- ახალგაზრდებში პედაგოგის პროფესიის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ეს იმან განაპირობა, რომ უმაღლესში სწავლაც უფასოა, ანაზღაურება და დანამატები ნორმალურია, ზაფხულში 48-დღიანი არდადეგებია და ეს ყველაფერი თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ინტერესი მზარდია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოთხოვნებიც ბევრია, რომელთა დაკმაყოფილებაც მასწავლებელს უნდა შეეძლოს. ამავდროულად, თუ ჩვენ არ ვისწავლეთ, თავადაც არ უნდა გავბედოთ სწავლება. ჩვენ ეს სიტყვები - თუ ბედავ სწავლებას, არასოდეს შეწყვიტო სწავლა - სამასწავლებლოზეც გაკრული გვაქვს.

- თქვენი აზრით, რა განაპირობებს სკოლის წარმატებას?

- გუნდის კარგი მენეჯმენტი, გამართული სასწავლო პროცესი. ახლა ჩვენთან, ერთ პატარა ცენტრში, 3 სკოლა, ერთი კერძო გიმნაზია და ოდნავ მოშორებით მეოთხე სკოლაა. შესაბამისად, სოცრად დიდი კონკურენციაა, მით უმეტეს, რომ ერთი სკოლა „მილენიუმის“ პროექტით გარემონტებულია. ერთი წამით მოდუნება არ შეიძლება, კონკურენციას ღირსეულად ვუწევთ და მოსწავლეთა რაოდენობაც მზარდია.

- პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ, როგორ ფიქრობთ, ეს ზრდა საკმარისია?

- ჩვენ ახალ შკალაში გადავედით. ვიყავით 530 ბავშვამდე და ახლა 654 მოსწავლეა სკოლაში. ვცდილობ, რომ სკოლის ბიუჯეტის ფარგელბში, მათ ხელფასები მაქსიმალურად მოვუმატო, საშტატო განრიგი შესათანხმებლადაა წარდგენილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203