ჰიბრიდული სწავლება გაუქმდა? - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
04-04-2022

საქართველოში ეპიდვითარება სტაბილურია და მიუხედავად იმისა, ეპიდემიოლოგები გვიმტკიცებენ, რომ ეს სიმშვიდის საფუძველი ვერ იქნება, ფაქტია - მთავრობამ შეზღუდვების უმეტესობა მოხსნა - მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულებაა დახურულ სივრცეში.

სხვათა შორის, სავალდებულო ტესტირებაც მიზნობრივ ჯგუფებს გაუუქმეს, გარდა მასწავლებლებისა, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ასევე გაუქმდა ჰიბრიდული სწავლებაც სკოლებში. აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.

ოფიციალურ უწყებაში განმარტეს, რომ ჰიბრიდული სწავლება არ გაუქმებულა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლება ეპიდვითარების შესაბამისად მიმდინარეობს:

„ჰიბრიდული სწავლება ნამდვილად არ გაუქმებულა... ჯერჯერობით, მინისტრს მსგავსი ბრძანება არ გამოუცია.  ამჟამად ასეა. ჰიბრიდული სწავლების გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება უნდა გამოიცეს“.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი მინისტრმა 2020 წლის 9 სექტემბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ჰიბრიდული სწავლება არის – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და ელექტრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;

საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203