შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტზე მუშაობს. უკვე ცნობილია, როგორი ტიპის დავალებები იქნება ტესტში.
როგორც გამოქვეყნებული ნიმუშიდან ჩანს, საგამოცდო ტესტი მრავალფეროვანი იქნება. სტატუსის ამაღლების მსურველ პედაგოგებს გამოცდაზე დახვდებათ როგორც არჩევითპასუხებიანი დავალება, ასევე შესაბამისობის ტესტი, გარდა ამისა აპლიკანტს ღია დავალებებზე პასუხის გაცემა და ფუნქციური წერა მოუწევს.
რას გულისხმობს ღია დავალება?
ღია დავალებაში გამოსაცდელმა დასმულ კითხვას პასუხი დამოუკიდებლად უნდა გასცეს, მას არ ექნება არჩევითი პასუხები. ღია დავალების პასუხში სრულყოფილად უნდა ჩანდეს საკითხის ცოდნა და არგუმენტირებული მსჯელობა მოცემულ თემაზე.
რა თემაზე იქნება ღია დავალებები?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებულ ტესტში ღია კითხვები შეეხება პროექტისა და კვლევის დაგეგმვას, ასევე მონაცემთა ანალიზს, რეკომენდაციების შემუშავებას, კონკრეტული შემთხვევისა თუ პრობლემური სიტუაციის ანალიზს. გარდა ამისა, შესაძლოა, გამოცდაზე აპლიკანტს შეხვდეს სხვა თემაზე დასმული ღია კითხვებიც. უმთავრესია, რომ პასუხის გაცემისას პედაგოგმა დასმულ საკითხზე საკუთარი ცოდნა გამოავლინოს.