„ახალგაზრდების სკოლაში შემოსვლა განათლების სისტემას სარგებელს მოუტანს“ - კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ლამარა ტაბატაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?- პედაგოგის პროფესია ახალგაზრდა თაობისთვის ყოველთვის ნაკლებად პრესტიჟული პროფესიების ჯგუფს ეკუთვნოდა; თუმცა, ჩემი აზრით, დღეს უკვე ასე აღარ არის. უკვე ბევრია დაინტერესებული, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას. 60 -კრედიტიანი პროგრამის გავლის მსურველთა რიცხვმაც შედარებით მოიმატა. ეს შეიძლება გამოწვეულია იმით, რომ შედარებით გაზრდილია მასწავლებლის ხელფასი, თანაც რაიონებში დასაქმების ნაკლები პერსპექტივაა. სკოლების უმრავლესობაში პედაგოგიური კოლექტივის საშუალო ასაკი 50 წელს ზემოთაა და ახალგაზრდების სკოლაში შემოსვლა ზოგადად მთელ განათლების სისტემას, სარგებელს მოუტანს.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?- განათლების სისტემაში ზოგიერთი საგანში კადრების დეფიციტი ნამდვილად არის, განსაკუთრებით არაქართულენოვან სკოლებში, თუმცა იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ახლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ, ბევრია ისეთი, რომელიც მშობლიურ სკოლაში დაბრუნებაზე ფიქრობს.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?- მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება მარტო გამოცდებით არ ხდება. კიდევ ბევრი აქტივობაა, რომელთა შესრულებაც მასწავლებელს მოეთხოვება სტატუსის ასამაღლებლად და კომპეტენციის დასადასტურებლად. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე არსებულზე უკეთესი მეთოდი მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად არ არსებობს. შეიძლება თეორიულად ბევრი გზა არსებობდეს ამისთვის, მაგრამ ყოველი მათგანი რომლებსაც მაგალითად, სოციალურ ქსელებში გვთავაზობენ. გაზრდის კორუფციის რისკს და დაიჩაგრებიან მასწავლებლები, რომლების „მოხერხებულები“ არ არიან, მაგრამ თავიანთ საქმეს თავდადებულად აკეთებენ. რა თქმა უნდა, მოქმედი სქემა არ არის უნაკლო, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები უკეთესს ვერაფერს გვთავაზობენ, სამწუხაროდ. თანაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შეინარჩუნა პრესტიჟი და ჩემი აზრით იმსახურებს ნდობას.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?- დისტანციური სწავლების ხარისხს ვერც ჩემს სკოლაში და ვერც საზოგადოდ დადებითად ვერ შევაფასებ მრავალი მიზეზის გამო და მათ შორის იმის გამოც, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი ტექნიკით სარგებლობის საშუალება და ხშირად არც ხელი მიუწვდაბათ ინტერნეტზე. თუმცა უთქვამთ, ზოგი ჭირი მარგებელიაო, და სწავლების ამ ტიპმაც მოუტანა სკოლას გარკვეული სარგებელი. კერძოდ, გაიხსნა შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებიან სხვადასხვა ონლაინ ტრენინგებს, რომლებიც მანამდე არ ტარდებოდა. ასევე მათ შეუძლიათ ჰქონდეთ უფრო მოსახერხებელი გრაფიკი ტრენინგებისთვის. ერთი სიტყვით, განვითარდა უნარები, რომლებსაც მომავალში წარმატებით გამოიყენებენ.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?- ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული მასწავლა პანდემიამ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფრო მეტად დავაფასე ცოცხალი ურთიერთობები. მივხვდი, რა ბედნიერებაა კლასში ატარებდე გაკვეთილს და შენი მოსწავლის განწყობის პულსზე გედოს ხელი.