განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის დირექტორ ბესიკ კაპანაძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ?
- ვთვლი, რომ პედაგოგის პროფესია ახალგაზრდებისათვის აღარ არის მიმზიდველი, რადგან მასწავლებელს არ აქვს სათანადო დაფასება და შეზღუდულია მათი უფლებები.
- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი?
- განათლების სისტემაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ნამდვილად არის. არაკვალიფიციური (გამოცდჩაბარებული სხვა სპეციალობის) კადრები კი ბევრია. ვფიქრობ, პედაგოგი რომელიც განათლებით, არის ვთქვათ ფსიქოლოგი, ჩააბარებს მათემატიკის გამოცდას და მუშაობას დაიწყებს ამ განხრით, ვერ გახდება ღირსეული მათემატიკის მასწავლებელი.
- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ? რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება?
- ვთვლი, რომ მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება, გამოცდებით არ არის ეფექტური. კომპეტენციის ამაღლება ტრენინგებითაც არის შესაძლებელი. არ შეიძლება პედაგოგის ცოდნა-არცოდნა და პროფესიონალიზმი შეაფასო მხოლოდ გამოცდით.
- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არა მარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?
- დისტანციურმა სწავლებამ ძალიან დაწია მოსწავლეთა სწავლის ხარისხი. იმ მოსწავლეებს, რომელთაც სკოლის მერხთანაც კი უჭირდათ გაკვეთილის მოსმენა და დამახსოვრება, ორმაგად გაურთულდათ ონლაინ სწავლის პროცესი. გარდა ამისა, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით არსებობდა არაერთი პრობლემა (როგორებიც არის ინტერნეტზე წვდომა, ტექნიკის უქონლობა და სხა). კიდევ უფრო გაართულა სწავლა ზოგიერთი მოსწავლისათვის.
- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ?
- პანდემიის პერიოდმა უფრო მობილიზებული გაგვხადა, მივეჩვიეთ ჩვენს ხელთ არსებული მწირი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას.