სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, ყველა თანხმდება. მშობელები სკოლებში მიდიან, თავიანთი შვილების განათლებით ინტერესდებიან, აქტივობებში აქტიურად ერთვებიან - ეს კი, გარკვეულწილად, მოსწავლეებზეც აისახება.
Etaloni.ge საქართველოს სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა გავლენას ახდენს მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაზე.
მანანა ჭიღიტაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში მოსწავლისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ დროს ბავშვი იაზრებს, რომ მშობელი მისი სწავლის მიმდინარეობით დაინტერესებულია, წარმატებას, მის წარმატებას იზიარებს. მშობელი ხედავს იმასაც, თავის შვილს რა მიმართულებით სჭირდება განვითარება და რისი გაუმჯობესება სჭირდება. ამ დროს, მოსწავლე უფრო მოტივირებულია, უფრო მეტად უნდა წინსვლა, კარგად სწავლა და ეს ბავშვის ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ეხმარება სკოლას, მასწავლებელს და რაც მთავარია, ცნობილი სამკუთხედი - სკოლა, მშობელი და მოსწავლე, შეკრულია. ისინი ერთობლივ აქტივობებს გეგმავენ, რათა მოსწავლე უფრო წარმატებული გახდეს.
მურმან კონცელიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ცხოვრების განვითარებისათვის, პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, მოსწავლეების, მშობელებისა და პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია, ეს, ბუნებრივია, სკოლის წარმატების საწინდარია. თანამშრომლობით ბევრი საკითხის გადაწყვეტაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშობელთა ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში, როდესაც ბავშვებისთვის კომპიუტერული მოწყობილობების გამართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ დისტანციურმა მუშაობამ მშობელსა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავა. პანდემიის პირობებში კი მშობელბისა და მასწავლებლების ერთსულოვნებით, არსებული გამოწვევები წარმატებით იქნა დაძლეული. ზოგადად, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა, მშობელთა ჩართულობით უფრო მარტივია. ბუნებრივია, რომ მათი ჩართულობა მოსწავლეთა აკადამიურ მიღწევებზეც აისახება.
ინგა ცირეკიძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ცხოვრებაში მშობელების ჩართულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტია. როდესაც მათ პედაგოგებთან მჭიდრო კავშირი აქვთ, ნდობაც უფრო მაღალია და როცა მშობელი მასწავლებელზე დადებითად საუბრობს, ბავშვიც უფრო ენდობა პედაგოგს. ჩემი სკოლა ცხრაკლასიანია და ამ ასაკის ბავშვებზე მაქვს საუბარი. დაწყებითში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საგნის მასწავლებელსა და დამრიგებელს მშობელთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს და გააგებინოს სწავლების თუ დისციპლინის კუთხით, რაიმე პრობლემა თუ წარმოიქმნება. ასევე, საუბარი უნდა იყოს, ამ ბავშვს რა უნარი აქვს განვითარებული, რომ შემდეგ ამაზე აიგოს ახალი მასალის ათვისებისთვის საჭირო გეგმა. დღეს, მაგალითად, მე მქონდა ასეთი შემთხვევა, მოსწავლისთვის ბებიას შეკრება-გამოკლება სხვა მეთოდით უსწავლებია. როდესაც დავინახე, რომ ეს მეთოდი ბავშვის ოჯახში იციან, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ამ კუთხით, მესამკლასელს ხედვა განვითარებული ჰქონდა და პროცესი იმაზე ავაგე. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი სხვას უხსნის, სახლში სხვა მეთოდებითა ასწავლიან და ამ დროს, ბავშვი წინააღმეგობაში მოდის, რადგან პატრააა და ვერ ხვდება, რომელი მეთოდია უკეთესი.
მამუკა მათიაშვილი, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის დირექტორი:
სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა ძალიან კარგ გავლენას ახდენს. მშობლებთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია აუცილებელია. ეს ყველაფერი მოსწავლეებზე დადებითად აისახება, ისინი ყურადღების ცენტრში არიან. ასე ბავშვებს მოტივაციაც უმაღლდებათ, რაც მათ აკადემიურ მოსწრებასა და შედეგებზე კარგად აისახება. ჩვენი სკოლა სოფელშია და აქ ყველა ყველას იცნობს, ნათესაური კავშირებიც აქვთ, ერთმანეთის ჭირი და ლხინიც ვიცით. ძალა ერთობაშიაო, როგორც ნათქვამია და ამ ერთობლივი ძალებით სასკოლო ცხოვრება უფრო წინ მიდის.
გულნაზ ნინიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლის დირექტორი:
სკოლის საქმიანობაში და მოსწავლეთა ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართულობა დიდ გავლანას ახდენს. პირველ რიგში, არამარტო მოსწავლეები, არამედ პედაგოგებიც აქტიურდებიან. სასკოლო ღონისძიებასა თუ შეხვედრებზე მშობლების აზრიც გასათვალისწინებელია, ამ შემთხვევებში, სკოლა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ჩემს სკოლაში, მშობელთა ჩართულობის მხრივ, ძალიან კარგი მდგომარეობაა. ისინი ჩვენ ინფორმაციას გვაწვდიან და თუ რამე აინტერესებთ, გვიკავშირდებიან. ზოგადად, ჩვენ სოფელში ვართ და აქ ერთმანეთთან ყველას ახლო ურთიერთობა გვაქვს. კვირაში ერთხელ ჩვენ სკოლაში ყველა მშობელთან გვაქვს შეხება.
ნონა ნადარაია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
ყველანაირად ვცდილობ სასწავლო პროცესში მშობლების კიდევ უფრო მეტად ჩართვას. ამაში პანდემიამ ხელი შეგვიშალა, შენობაში მათ მხოლოდ პარასკევობით შეუძლიათ შემოსვლა. დისტანციური სწავლების პერიოდში ხელს გვიწყობდნენ, რომ ბავშვები მოწესრიგებულები ყოფილიყვნენ და გაკვეთილი შესაბამისად ჩატარებოდათ. ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში - სკოლა, ოჯახი, საზოგადოება - საჭირო ლოზუნგია, რადგან მშობლის გარეშე საგანმანათლებლო პროცესი წარმოუდგენელია. ოჯახისგან ყველანაირი მხარდაჭერა უნდა მიიღო იმისთვის, რომ ბავშვი სასკოლო ცხოვრებაში სრულად დაიტვირთოს. ამ მხრივაც, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მშობლებს ვეკონტაქტებოდეთ.
ბადრი ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და მშობელთა ჩართულობასთან დაკავშირებით, არავითარი პრობლემა არ გვაქვს. ეს კი სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოსწავლეზე დადებითად აისახება. მისასალმებელია, რომ ისინი ასეთ აქტიურობას იჩენენ.
თამარ ფარასტაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან. მათი მხრიდან, მზაობა, მიმღებლობა და მხარდაჭერა მოსწავლეთა ქცევასა და ჩართულობაზე მოქმედებს. ამ დროს, მოსწავლე ინტერესს გრძნობს და სასკოლო ცხოვრებაშიც უფრო აქტურად ერთვება, მათთვის ეს უკვე საინტერსო და სახალისოა. მშობლის ყურადღების ნაკლებობა, მოსწავლეთა ქცევაზეც აისახება. სკოლასა და მშობლეს შორის აქტიური ურთიერთობა კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსწავლეებზე აისახება. მშობლების აქტიურობა, მათი იდეების გათვალისწინება, როგორ იყოს სასკოლო ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი, სკოლასაც გამოადგება. აქტივობები მშობლის ინტერესების მიხედვითაც შეიძლება დაიგეგმოს და ჩვენ მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ.
გენად მახარაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლის დირექტორი:
მშობლები სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი არიან. ამიტომაც, მასში ყველა მშობელი ჩართული უნდა იყოს. მაგრამ, პანდემიის პირობებში, ამ მხრივ, შეზღუდულები ვართ, სკოლაში ღონისძიებები ვერ იმართებოდა და მშობლებიც ვერ მოდიოდნენ. ზოგჯერ კი დისტანციურ სწავლებაზე ვიყავით. ჩვენს სკოლაში კონტინგენტი მცირეა, პედაგოგები, მით უმეტეს, კლასის დამრიგებლები მოსწავლეების მშობლებს ყოველდღიურად უკავშირდებიან.
ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
როდესაც მშობელები სასკოლო ცხოვრებაში ჩართული არიან, მოსწავლეები უფრო აქტიურები ხდებიან. ჩემს სკოლაში ამ მხრივ, კარგი ვითარებაა. როდესაც მშობელის დაინტერესება მაღალია, მაშინ სწავლით ბავშვებიც უფრო დაინტერესებული არიან. ჩემთვის მისასალმებელია, მშობლების ჩართულობა და დაინტერესება. ისინი, რაც უფრო ხშირად ჩაერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, მით უკეთესი იქნება ბავშვებისთვის.
ლელი აკოფოვი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:
ჩვენს სკოლაში მშობელები ყოველთვის მოდიან, ეს კი მოსწავლეებეც აისახება. როდესაც მშობელი ყურადღებას აქცევს, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია. ამას კი ბავშვების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს - მათ მოტივაციაზე, სწავლაზე და განწყობაზე. მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში აუცილებელია.
მარინე სარალიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი:
აუცილებელია, რომ სასკოლო ცხოვრებაში მშობლები ჩაერთონ, რადგან ეს მოსწავლეებზე დადებითად აისახება. ისინი ბევრად უფრო წარმატებულები არიან და როდესაც მოსწავლეები წარმატებულები იქნებიან, სკოლაც უფრო მეტად გამოჩნდება და შემდეგ ეს ბავშვები ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან. ჩემს სკოლაში ამ მხრივ, კარგი მდგომარეობაა. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ ეს უკვე აღმოიფხვრა. მოდიან მშობლები სკოლაში, ინტერესებიან თავიანთი შვილების სწავლა-განათლებით და სასკოლო ცხოვრებაში მეტად ჩართულები არიან.