„მასწავლებლისთვის მთავარი პროფესიის სიყვარული, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - ბავშვებთან ურთიერთობაა“- პერევის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ შუკაკიძე
08-04-2022
განათლებაში მიმდინარე სიახლეებზე წარმატებული სკოლების დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიზნით etaloni.ge საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის დირექტორს, გურამ შუკაკიძეს დაუკავშირდა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი მოისმინა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია ახალგაზრდა  თაობისთვის პედაგოგის პროფესია და რატომ ?

- ახალგაზრდა თაობისათვის პედაგოგის პროფესია მეტნაკლებად მიმზიდველია. ბოლო პერიოდში პედაგოგის  ანაზღაურება გაუმჯობესდა და პროფესიული ზრდის საშუალება ეძლევა. არის საგნობრივი ტრენინგები, რაც ხელს უწყობს კვალიფიკაციის ამაღლებას.

- თქვენი აზრით რამდენად არის განათლების სისტემაში კადრების დეფიციტი ?

- მეტნაკლებად; უფრო ეს შეეხება საბუნებისმეტყველო ჯგუფის საგნებს, კონკრეტულად ფიზიკას. აგრეთვე მათემატიკას.

- რას ფიქრობთ ზაფხულში დაგეგმილი მასწავლებლების გამოცდების შესახებ ?რამდენად ეფექტურად მიგაჩნიათ გამოცდებით მასწავლებლის კომპეტენციის შეფასება ?

- მარტო მასწავლებლის წარმატებით ჩაბარებული გამოცდები არ ნიშნავს, რომ პედაგოგი არის ყველანაირად სრულყოფილი; აქ მთავარია პროფესიის სიყვარული, კომუნიკაბელურობა და ყველაზე მნიშვნელოვანი, დისციპლინა და ბავშვებთან ურთიერთობაა.

- როგორ აფასებთ დისტანციური სწავლების ხარისხს არამარტო თქვენი სკოლის მაგალითზე, არამედ საერთოდ?

- დისტანციური სწავლება სიახლე იყო მთელი საქართველოსთვის. აქ ბევრ პრობლემას წავაწყდით. პირველი, ეს არის ინტერნეტიზაცია, ყოველთვის გამართულად არ მუშაობდა. აგრეთვე, სოციალური საკითხები რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული. საერთოდ ჯობია, რომ სწავლა მიმდინარეობდეს აუდიტორიებში. დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეებთან უშუალო კონტაქტი არ გვქონდა; თანაც დროც შეზღუდული იყო. მასალა არ იყო ისე ათვისებული, როგორც აუდიტორიებში.

- თქვენ როგორც დირექტორს, რა გასწავლათ პანდემიამ ?

- პანდემიამ გვასწავლა კრიტიკული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება; მარტო საკუთარ თავს კი არა, სხვის ჯანმრთელობასაც უნდა გაუფრთხილდე. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, სკოლა უფრო მეტად აღიჭურვოს ტექნიკურად. მხედველობაში მაქვს თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ კუთხით მასწავლებელთა გადამზადება მოხდეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203