მასწავლებლებს გამოცდებზე რეგისტრაციისთვის რამდენიმე დღე რჩებათ და სანამ დუღილის ტეპერატურა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევს, განათლების საკითხების მკვლევარი, მანანა რატიანი პედაგოგებისთვის რამდენიმე აქტუალურ საკითხს განიხილავს. იგი აცხადებს, რომ „მასწავლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია განათლებაში და როგორიც არის მასწავლებელი, ისეთივეა განათლების სისტემა“.
ზოგადად რას ცვლის პედაგოგების სტატუსები სისტემაში, მაშინ, როცა ისინი საგამოცდოდ მომზადებაში დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, ეს კი მოსწავლეებს აკლდება? - მსგავს კითხვას ხშირად მოისმენთ, განათლების სპეციალისტს კი ამ მხრივ საკუთარი არგუმენტი აქვს:
„ეს წუხილი მეც ხშირად მომისმენია, თუმცა ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რადგან ნებისმიერი ლიტერატურა, რომელსაც ეცნობა, პროფესიული განვითარების საშუალება, რომელსაც მიმართავს... საბოლოოდ უნდა აისახებოდეს საკლასო ოთახზე და ამ ცოდნის გადატანა არ ხდება საკლასო ოთახში, ესე იგი, პროფესიული განვითარება თავის შედეგს ვერ აღწევს.
რაც შეეხება სტატუსებს, როდესაც მასწავლებლების სტატუსზეა დამოკიდებული სახელფასო ანაზღაურება, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, წავიდნენ წინ“, - აღნიშნავს რატიანი, თუმცა იქვე დასძენს, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც თვალსაჩინოს გახდიდა სხვადასხვა სტატუსის მქონე მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილების ხარისხს:
„არავის გაუზომავს და ზუსტად არ ვიცით, სტატუსიანი მასწავლბლის საგაკვეთილო პროცესი უკეთესია თუ არა, ეს შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური აზრი და ვიდრე კვლევა არ განხორციელდება, დანამდვილებით ვერაფრს ვიტყვით.
მანანა რატიანმა მასწავლებლეთა პროფესიული წინსვლის სქემაზეც ისაუბრა: „აქ მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო აანონსებდა სქემის ცვლილებას, რამაც გააჩინა დიდი უნდობლობა სისტემისადმი, უკეთესი კი ვერაფერი შეიქმნა; ასევე განათლების სამინისტრომ ნაკლებად შეიმჩნია სასწავლო დანაკარგებიც... მიმაჩნია, რომ რეფორმები, რაშიც მილიონები იხარჯებოდა - „ახალი სკოლის მოდელი“ თუ სხვა... რამდენად ეხმიანებოდა მასწავლებლების პროფესიულ ზრდას, თანამშრომლობითი კულტურის გაღვივებას... ეს უნდა იქნას შესწავლილი“.