საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„9 აპრილი ჩვენი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ზუსტად 33 წლის წინ ჩვენმა თანამემამულეებმა გმირობისა და თავდადების ისტორიული მაგალითი გვაჩვენეს – საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე მდგომი ახალგაზრდები სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ. სწორედ ამიტომ, ამ თარიღს დიდი ტრაგიზმითა და, ამავდროულად, უდიდესი სიამაყით აღვნიშნავთ.
1989 წლის 9 აპრილს ქართველებმა უარი თქვეს ტოტალიტარულ რეჟიმზე, აირჩიეს თავისუფლება და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება უმთავრეს მიზნად დაისახეს. ეს პროცესი დღემდე შეუქცევადია და ჩვენი ქვეყანა მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს ევროინტეგრაციისკენ სვლას.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროპული მომავლისთვის!“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე გაზით მოიწამლა.