2022 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა, სადაც ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა სკოლის მიტოვებასა და სხვა არაერთ საკითხს განათლების მიმართულებით. ნინო ლომჯარია განათლების მინისტრს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს გადამზადდნენ კლასის დამრიგებლები მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული ღონისძიებებისა და დაკისრებული ახალი ვალდებულებების შესახებ, ასევე შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის თემაზე:
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულების თითოეული დამრიგებელი გადამზადდეს მოსწავლეთა სწავლის მიტოვების პრევენციული ღონისძიებებისა და დაკისრებული ახალი ვალდებულებების შესახებ;
მოსწავლის სწავლის მიტოვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რეგიონულ დონეზე აღირიცხოს/შეფასდეს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებლის გამომწვევი მიზეზები და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, საჯარო სკოლებთან და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოსთან თანამშრომლობით, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია ბავშვების მიერ სკოლის მიტოვების რისკების შესამცირებლად;
გადამზადდნენ საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეებისთვის კი, ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებები ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის აკრძალვის და ბულინგის თემაზე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.