სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში, რომელიც პარალმენტს უკევ წარედგინა, საგანმანათლებლო მიმართულებით გამოწვევებზეა საუბარი და ომბუდსმენი განათლების მინისტრს რამდენიმე რეკომენდაციასაც აძლევს:
შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შესაბამისი საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა (2022-2032) და სამოქმედო გეგმებში, ფორმალური განათლების ყოველი საფეხურისთვის განისაზღვროს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხელშეწყობაზე მიმართული ამოცანები/აქტივობები და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები;
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისას, რეცენზირების ფარგლებში საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილმა სააპელაციო კომისიამ გასაჩივრებული საგნის, ასევე თემატიკის მიხედვით, კომისიის ვალდებულებად განსაზღვროს ადამიანის უფლებათა ექსპერტის მოწვევა, გადაწყვეტილების მიღების უფლებით; შეიცვალოს მაკეტის საჯარო განხილვის არსებული მოდელი, საზოგადოებრივი საწყისის უზრუნველსაყოფად პროცესში მოსწავლეთა მშობლების ჩართვის გზით;
შიდა აუდიტის დეპარტამენტმა საჯარო სკოლებში ჩაატაროს პროაქტიული მონიტორინგი „სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილების ორგანიზებაში სკოლების მონაწილეობის, ასევე, რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის სხვა შემთხვევების გამოსავლენად;
ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის რეცენზირების შინაარსობრივ კრიტერიუმებს დაემატოს კრიტერიუმი კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ;
დაინერგოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე, სავალდებულო საგნის მეშვეობით, იმგვარად, რომ სრულფასოვნად ინტეგრირდეს ციფრული მოქალაქეობის შესახებ განათლება ევროპის საბჭოსა და ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.