აქვს თუ არა დირექციას უფლება, მასწავლებელს გაკვეთილზე გაუფრთხილებლად დაესწროს?
10-05-2022

სკოლის დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფი პედაგოგებს ყოველწლიურად უნდა ესწრებოდეს და აძლევდეს უკუკავშირს, თუ რა არის მისი ძლიერი მხარე, რა უნდა დახვეწოს და ა.შ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, დირექტორი ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფს უფლება აქვს უფროს მასწავლებელს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დააკვირდეს 3 და მეტ გაკვეთილზე თუ ამის საჭიროება არსებობს, წამყვანს – არანაკლებ 2 გაკვეთილზე, მენტორ მასწავლებელს კი – არანაკლებ 1 გაკვეთილზე.

დაკვირვების მიზანია მასწავლებლის საქმიანობის შეფასება და განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა.

აქვს თუ არა დირექციას უფლება, მასწავლებელს გაკვეთილზე გაუფრთხილებლად დაესწროს?

არსებობს ე.წ. ფორმალური და გაუფრთხილებელი დაკვირვების სახეები. ფორმალური დაკვირვების დროს დამკვირვებელი წინასწარ უთანხმდება პედაგოგს, თუ რომელ გაკვეთილზე დაესწრება და ასევე წინასწარაა მასწავლებლისთვის ცნობილი, რის მიხედვით შეფასდება ის გაკვეთილის მსვლელობის დროს. გაუფრთხილებელი დაკვირვება კი, როგორც თავად სიტყვა აღნიშნავს, მოულოდნელად და გაუფრთხილებლად ხდება.

შემფასებელს შეუძლია  გამოიყენოს როგორც ე.წ. ფორმალური დაკვირვება, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული მასწავლებელთან და გრძელდება სრული 45 წუთის განმავლობაში. ასევე დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელს წელიწადში რამდენჯერმე გაუფრთხილებლად დაესწროს გაკვეთილზე. გაუფრთხილებელი დაკვირვება შეიძლება გაგრძელდეს 10-15 წუთის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია პედაგოგებს ახსოვდეთ, რომ დაკვირვება არ ხდება სადამსჯელო მიზნებისთვის. პირიქით, გაკვეთილზე დასწრების მიზანი მასწავლებლის ობიექტურად შეფასება და განმავითარებელი უკუკავშირის მიცემაა. დამკვირვებლისა და მასწავლებლის შეხვედრა აუცილებელია როგორც ფორმალური, ასევე გაუფრთხილებელი დასწრების შემდეგ. ეს ეხმარება მასწავლებელს დროულად გაიგოს, რას ფიქრობს შემფასებელი მისი საქმიანობის შესახებ, გააძლიეროს სწავლების პოზიტიური მხარეები და იმუშაოს სუსტი მხარეების დაძლევაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203