სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ მოსწავლეებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე მოუწყო
09-03-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ IIIა და IIIბ კლასს მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლებთან ერთად (თეკლე ბეგიაშვილი და ლიკა ლაგვილავა) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და წიგნების მუზეუმი მოინახულეს. როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა მიიღეს უამრავი საინტერესო ინფორმაცია ბიბლიოთეკის შესახებ, დაათვალიერეს სხვადასხვა ანტიკვარული ნივთები და მინიატურული წიგნები. ნახეს ვეფხისტყაოსნის წიგნი და ასევე ყველა ენაზე ნათარგმნი ვეფხისტყაოსნის კოლექცია: „ნანახ წიგნებს შორის ვნახეთ ვახტანგ მეექვსის დროს სტაბმაში ნაბეჭდი წიგნები, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ დღემდე გამოცემული დედაენის ყველა წიგნი. ილია ჭავჭავაძის სამუშაო მაგიდა და უამრავი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს გიდის დახმარებით. დავათვალიერეთ ემიგრაციის დარბაზი, ეროვნული ბიბლიოთეკის საარქივო ფონდი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი, დედაენის დარბაზი და დადებითი ემოციებით დავბრუნდით სკოლაში. დაუვიწყარი დღე იყო ნამდვილად,“ - აღნიშნეს სკოლის წარმომადგენლებმა.