საქართველოს საჯარო სკოლები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან. იმისთვის, რომ გაგვერკვია, კონკრეტულად რა პრობლემებთან და გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით. როგორც მათ Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს მთავარი საკითხი ინტერნეტისა და კომპიუტერული ბაზის გაუმართაობაა. ასევე, გამოწვევაა სასწავლო პროცესში პანდემიის შედეგები და სოფლის სკოლებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა...
დოდო ხახუტაიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი აზრით, საჯარო სკოლები ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - გამოცდები, რომელთა ჩაბარებაც აუცილებელია და ეს თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაიაზროს. ისინი უნდა დაოსტატდნენ, რადგან ახალი ცხოვრება მასწავლებლის უპრეცენდენტო მომზადებას გულისხმობს. მეორე უდიდესი გამოწვევა პანდემიის პერიოდის შემდგომი სასწავლო პროცესის ორგანიზებაა. მოსწავლეებზე, რომლებიც 2 წელიწადი ონლაინ სწავლებაზე იყვნენ, ამ მდგომარეობამ თავისი კვალი დატოვა. ბავშვების ნაწილი, სხვადასხვა მიზეზის გამო, ონლაინ ჩართვას ვერ ახერხებდა. სწავლების ასეთი მეთოდი მათთვის მძიმე ტვირთად იქცა, ისინი სასწავლო მასალის სრულფასოვნად მიღებას ვერ ახერხებდნენ. ამან კი მათი სწავლის დონეს დაღი დაასვა და სამწუხაროდ, არ გადავამეტებ, თუ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მოსწავლე სასწავლო პროცესს ნაწილობრივ მაინც, ჩამოშორდა, რამაც მათ უნარ-ჩვევებისს განვითარებაზე იმოქმედა. პანდემიის დასრულების შემდეგ, სკოლას იმ მოსწავლეების ფორმაში დაბრუნება გაუჭირდება, ვინც ამ ხნის განმავლობაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად ვერ გაიარა. ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა ინფრასტრუქტურის განვითარებაცაა, მაგრამ ეს ზემოთ თქმულ პრობლემებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ მეორეხარისხოვანია. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება პირველ ადგილზე დგას.
მალხაზ სამსონია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკლის დირექტორი:
ჩვენს სკოლაში ინფრასტრუქტურული გამოწვევები ნაკლებადაა, რადგან შენობა რეაბილიტირებულია, მაგრამ რაღაც მცირე მოსაწესრიგებელი, ამ მხრივაც, არის. ახალი სკოლის მოდელის დასანერგად კომპიუტერული ბაზა აუცილებელია. ტექნოლოგიების ნაკლებობაა ძირითადი გამოწვევა. სასურველია, რომ სკოლაში კომპიუტერული ტექნიკის უკეთესი ბაზა იყოს. სოფელში ინტერნეტის დაფარვაც ცუდია, არასტაბილურად მუშაობს. სკოლაში გვაქვს ინტერნეტი, ეს არ არის პრობლემა, თუმცა სასურველია, რომ კომპიუტერების მეტი რაოდენობა გვქონდეს, რათა ბავშვები და მასწავლებლები პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთონ. ონლაინ სწავლების დროს, ინტერნეტის გამო, მოსწავლეებთან კავშირი ძალიან ჭირს. მთავარი გამოწვევაც სკოლის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფაა.
კარლო სუბელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენ ახლა ახალრეაბილიტირებულ სკოლაში გადასვლის პროცესში ვართ და გამოწვევაც სწორედ ესაა. ზოგადად, პანდემიიდან გამომდინარე, გაკვეთილები ონლაინ ტარდებოდა და გამოწვევაც აქედან მოდის. ახლა დიაგნოსტიკური ტესტირება ტარდება და ვნახოთ, მოსწავლეები რა შედეგს დადებენ. მგონია, რომ შეიძლება არ იყოს ისეთი შედეგი, რაც მანამდე იყო. თუ ტესტირება ამას აჩვენებს, მაშინ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ დანაკლისი მალე ავანაზღაუროთ.
ენისე აბაშიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვენთან ხშირადაა ინტერენეტის პრობლემა, სკოლა ახალი აშენებულია, ინფრასტრუქტურა მოწყობილია, კომპიუტერული ტექნიკაც გვაქვს, მაგრამ ინტერნეტი ხშირად ითიშება და ამის გამო ხარვეზებია. გამოწვევაა მოსწავლეთა რაოდენობაც. მე, 15 წელია სკოლის დირექტორი ვარ, როდესაც მუშაობა დავიწყე 76 მოსწავლე მყავდა და ახლა სკოლაში 6 მოსწავლეა. მიგრაციამ სოფლის სკოლები დაცალა, სულ 5 კლასში გვყავს ბავშვები. ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ მიგრაცია შეჩერდება. წარმოიდგინეთ, ჩემს სოფელში სკოლამდელი ასაკის ბავშვი არ არის. 3 მოსწავლე მეზობელი უბნიდან დადის, სკოლაში ადგილობრივი მხოლოდ 3 მოსწავლეა. ამ მხრივ, ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. სამომავლოდ რომ იყვნენ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, კიდევ რაღაცის იმედი გვექნებოდა, მაგრამ საერთოდ არაა ბავშვი და საიდან მოვა. ვინც აქედან ქალაქში წავიდა, უკან მომბრუნებელი არავინაა, ალბათ სოფელში ახალგაზრდებისთვის პერსპექტივა არაა, ამიტომ მიდიან. სწორედ ესაა ჩვენი სკოლის ძირითადი პრობლემა.
თამარ გოცაძე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
ახლა სკოლაში მასწავლებლები სტატუსის შესაცვლელად რომ ვემზადებით, მთავარი გამოწვევა ეს არის. ასევე, კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა. სკოლაში ზოგჯერ ინტერნეტის პრობლემაც გვაქვს, კომპიუტერული ლაბორატორია განსაახლებელია. 2006 წელს რომ შემოვიდა კომპიუტერები, ისინი გვაქვს, ძლივს ვამუშავებთ. სკოლაც მცირეკონტინგენტიანია, ქალაქიდან შორს ვართ, მიგრაციაა. ესაა ძირითადი გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაც გვინდა. ინტერნეტი თუ დარეგულირდება, ეს ძალიან კარგი იქნება. აღსანიშნავია, რომ სოფელში ერთი-ორი ოჯახია, რომელიც დაბრუნდა და ამ ოჯახებიდან 1 ბავშვი წელს სკოლაში შემოდის.