წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ნუმიზმატი მოსწავლეები იზრდებიან
09-03-2018
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბ „ერთობის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ,,ქართული მონეტების ისტორია" იყო. IXა კლასის მოსწავლემ ია მიქაძემ პირადი კოლექცია წარმოადგინა. სკოლის აღსაზრდელებმა ალიკა ჩიხრაძემ, გიორგი იოსელიანმა, გუკა ხიდეშელმა, ანი ხურცილავამ, მარი აფხაძემ, მარი მურვანიძემ და ანი ბენიძემ მათთვის საინტერესო მონეტების შესახებ ინფორმაცია მოამზადეს.
შეხვედრას სპეციალური სტუმარი, წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების უფროსი სპეციალისტი დალი ხაჭაპურიძე დაესწრო. მან მოსწავლეებს წყალტუბოს მუზეუმის მდიდარი ნუმიზმატიკური ფონდის შესახებ უამბო და მოზარდები მუზეუმში დაპატიჟა.
შეხვედრა სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ შეაფასა.
შეხვედრის ბოლოს ვაჟებმა თანატოლ გოგონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.