„მასწავლებელი ყოველთვის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და სიახლეებსაც ფეხი უნდა აუწყოს“- დირექტორები მესამე თაობის ესგ-ზე
14-04-2022

საქართველოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. სკოლებში გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, აქტივობებს ხშირად ახორციელებენ. 

Etaloni.ge დაინტერესდა თუ, რა შეიცვალა სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვით, როგორ აისახა ეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხზე, ასევე რამდენად კომფორტული და საინტერესოა პედაგოგებისთვის ახალი მიმართულებით მუშაობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს სხვადასხვა სკოლის დირექტორს დავუკავშირდით და პასუხები მათგან მოვისმინეთ.

ნონა შევერდაშვილი
, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

როგორც მოგეხსენებათ, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დანერგვის პროცესშია და ჩემი აზრით, ეს სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება. პროცესი ხანგრძლივია, იმედი და სურვილი მაქვს, რომ ეს მიდგომა გაამართლებს. სკოლაში სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ პროცესში აქტიურად ჩავერთოთ. ახლა დიაგნოსტიკური ტესტირებებიც უნდა დაიწყოს და ჩვენც სრულ მზადყოფნაში ვართ. გვაინტერესებს, რა შედეგი დაიდება, მასწავლებლები საკმაოდ ირჯებიან და გვინდა, რომ კარგი შედეგი დაიდოს და იმედია, რომ ასეც იქნება.

მარიამ გრძელიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

რამე რომ უნდა შეცვლილიყო და შეიცვალოს, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რადგან ისე გამოვიდა, რომ ძველი სტილი და მეთოდიკა 21-ე საუკუნის ბავშვებთან აღარ ამართლებს. ამიტომ გვინდა თუ არა, გზები მაინც უნდა ვეძებოთ და ამის წინაშე კარგა ხანია, რაც თითოეული სკოლა და მასწავლებელი დგას. ჩვენ ახალი სკოლის მოდელში წელს ჩავერთეთ და ვფიქრობ, რომ კარგი შემოთავაზებაა, რადგან მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოხატვის თავისუფლებას გვაძლევს. შემოთავაზებულია უამრავი რამ, თუმცა ძირითადი ყურადღება მაინც კომპლექსურ დავალებებზეა გამახვილებული, რადგან ის ეროვნული სასწავო გეგმის განხორციელების შუალედური რგოლია. ვფიქრობ, სწავლის პროცესში მსგავსი აქტივობების შეთავაზება მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის შინაარსიანია, თუმცა ამას ძალიან კარგი გააზრება და დიდი შრომა სჭირდება. ახლა კი შემოგვთავაზეს კომპლექსური დავალებების ბანკი და მასწავლებლების ნაწილმა ძალიან კარგად ისარგებლა ამ შესაძლებლობით. თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილს კათედრის სხდომებზე განვიხილეთ და მე დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი. მთავარია, დავალებებმა მოსწავლეების მოტივირება და ინტერესი გამოიწვიოს, ამ შემთხვევაში კი, დავალებას ნელ-ნელა თავისით აკეთებს. თუ პროცესი კარგად წარიმართება, ეს კარგ შედეგს დადებს. აუცილებელია, ბავშვებთან ინფორმაციის სხვანაირად მიტანა, ძველი სტილი აღარ მუშაობს. ჩემი აზრით, ამისთვის ყველა სკოლამ და მასწავლებელმა თავისი გზა უნდა იპოვოს.

მელორ ახვლედიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასპერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ახლა დაიწყო. მასწავლებლებს მოტივაცია აქვთ და ნელ-ნელა ინერგება. მათთვის ამ მიმართულებით მუშაობა, მისაღებია. არავის არ უთქვამს, რომ ვერ დაძლევდა ან ვერ შეძლებდა. მსგავსი პრობლემები ჩვენთან არ ყოფილა. სკოლაში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა იმდენად ახალი დანერგილია, რომ, შეიძლება ითქვას, ჯერჯერობით, მოსწავლეების სწავლის ხარისხზე არ ასახულა. მომავალ კვირაში იგეგმება თათბირი, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით და სრულყოფილად გვეცოდინება რა უნდა გავაკეთოთ.

მზევინარ დემეტრაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში ნელ-ნელა ინერგება. ახალი მიდგომები ბავშვებისა და მასწავლებლებისთვის ახალი თვალთახედვაა. ასეთი მეთოდით გვისწავლებია, მაგრამ ეს არის უფრო სიღრმისეული, ძალიან ფართომასშტაბიანი. მოსწავლეც ამა თუ იმ საკითხსა და ცნებას სხვადასხვა კუთხით ხედავს.  თავიდან მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა გამოწვევა იყო, მაგრამ თანდათან, როდესაც ამ სწავლებას მივყევით, ჩვეულებრივი გაკვეთილის რეჟიმში გადავიდა. ეს იყო ახალი, მაგრამ არაფერი არ იყო განსხვავებული. გვეგონა დროში გაიწელებოდა ან რაიმე შეფერხება შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოვიდა. მასწავლებელს თავდაპირველად საკუთარ თავთან მუშაობა უწევს, მაგრამ შემდეგ ეჩვევა და აუმჯობესებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი შეიძლება სრულყოფილად იყოს, მაგრამ ეს მიდგომა ჩვენთვის და მოსწავლეებისთის უკვე უცხო აღარ არის. მე პირადად, ახალი მიდგომით, გაკვეთილი მე-5 კლასში, ბუნებაში ჩავატარე და არ მეგონა, თუ ასეთი კარგი და საინტერესო გამოვიდოდა. ასე მუშაობა კი უკვე რუტინაში გადავიდა და ბუნებრივად ვასრულებთ, ამას კი მოსწავლეებიც ერგებიან, რაც ძალიან მომწონს. რა თქმა უნდა, არ არის იოლი, მაგრამ ყველაფერს მუშაობა, დახვეწა და დრო სჭირდება.

თემური თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას ახლა ვიწყებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს აუცილებლად გაამართლებს და ისეთ შედეგს მივიღებთ, რომელიც მოსწავლეთა წარმატებაში დიდ როლს შეასრულებს, ასევე მათ ცხოვრების სწორად დაგეგმვასა და განვითარებაში დაეხმარებათ. სწორედ ამ მიდგომის დასანერგად გამართული ონლაინ ტრენინგები თითქმის დასრულებულია, რამდენიმე საგნის მასწავლებელი ვართ დაბარებული, რომლებიც საბოლოოდ გავივლით დეტალებს, პროექტები და მონახაზები უკვე გვაქვს. ძირითადი აქცენტი კომპლექსურ დავალებებზეა და მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის და დანარეგვას ვიწყებთ. სექტემბრიდან კი, ძალაში ოფიციალურად შევა.

რუსუდან ბიწაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა მოსწავლეებზე, რა თქმა უნდა, დადებითად აისახება, რადგან, პირველ რიგში, რაც სკოლებისთვის დღესდღეობით აუცილებელია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. მესამე თაობის ეროვნულმა სასწავლო გეგმამ შემოქმედი თაობა უნდა ჩამოაყალიბოს. სწავლების ამ მეთოდებს ადრეც ვიყენებდით, მაგრამ ახლა ეს ფორმები უფრო მასიურად მკვიდრდება და ძალიან მისასალმებელია. ყველაფერი მასწავლებელთა ენთუზიაზმსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. ამას ერთგვარი შიშიც ახლავს, რადგან თავიდან სიახლის დანერგვა რთულია და შეიძლება, ამის ეშინოდეთ. ყველაფერს მალე ვერ გავუმკლავდებით, მაგრამ დაახლოებით, 2-3 წლის შემდეგ ეს იმდენად მარტივი მოგვეჩვენება, რომ დადებით მხარეებსაც უკეთ დავინახავთ. ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფერმა ძალიან კარგი შედეგი უნდა მოიტანოს. მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი აზრის დასაბუთებას და განათლების სისტემას დადებითად წაადგება.

ნინო ლომაშვილი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ახალი მიდგომებით მუშაობა, საინტერესოა, მაგრამ არის შრომატევადი და ამ შემთხვევაში, შეიძლება ბავშვებისთვის ცოტა რთული იყოს. მასწავლებლები ამას თავს ართმევენ. ცოდნის მიღების მხრივ, ძალიან კარგია, რადგან როდესაც მოსწავლეები პროცესში უშუალოდ არიან ჩართული, მათი ცოდნა მეტად მყარდება. ეს კი მოსწავლეებზე დადებითად აისახება. ერთფეროვნებას, რა თქმა უნდა, სიახლეები სჯობს. მათ კი თანდათან მოსწავლეც ითვისებს და მასწავლებელიც.

ელისო დოღაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წასრის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ჩვენ კომპლექსურ დავალებებზე ვიმუშავეთ. ეს ჩვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც სიახლეა და თანდათან ვნერგავთ. ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით, შეხვედრებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, სიახლე ბავშებშიც დაინტერესებას იწვევს. მასწავლებელი ყოველთვის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და სიახლეებსაც ფეხი უნდა აუწყოს. ჩვენც შესაბამისად ვიქცევით და ყველაფერს ვაკეთებთ, ერთმანეთს ვეხმარებით და სიახლეებს ვითვისებთ.

იზოლდა ვაჩეიშვილი, ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ეროვნული სასწავლო გეგმა უნდა დაინერგოს და ყველა სკოლა და მასწავლეველი ვალდებულია, რომ ამ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს. ამაში ჩვენც არ ჩამოვრჩებით, ტარდება კომპლექსური დავალებები და ღაია გაკვეთილები. მასწავლებლებმა ტრენინგები გაიარეს, შემოწმებული მაქვს, რომ ყველა მასწავლებელს თემატური გეგმა ჰქონდეს. ამ ეტაპზე, ასე ვმუშაობთ. ჩვენი სკოლა პატარაა, კლასებში 2-3 მოსწავლე გვყავს და ვცდილობთ, რომ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ. მალე დიაგნოსტიკურ ტესტირებას ველოდებით და ეს ალბათ, გამოამჟღავნებს რა მდგომარეობაა. 2 წელია, რაც პანდემიაა და რაღაც პერიოდი ძალიან გაგვიჭირდა, ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს კომპიუტერული მოწყობილობები. ხშირად მასწავლებლები მოსწავლეებს ჭიშკართან აკითხავდნენ რომ როგორმე მასალა აგვეხსნა. ეს კი, ჩემი აზრით, შედეგებზეც გავლენას იქონიებს. მესამე თობის ეროვნული სასწავლო გეგმა კი ყველგან უნდა დაინერგოს და ამ პროცესს ჩვენც მივყვებით.

მიხეილ ჯაყელი, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლა პროცესში აქტიურადაა ჩართული. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ამ ყველაფერს კოლექტივმა და მოსწავლეებმა ფეხი კარგად აუწყვეს. არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. მასწავლებლები უფრო შრომისუნარებიანები გახსნენ, მათმა შრომამ მოიმატა, მაგრამ შედეგი მოსწავლეთა წარმატებაზე აისახება, რაც თავისთავად, პედაგოგების წარმატებაცაა.

ინგა ასანიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებაში ჩართული ვართ. პირველ სემესტრში ჩავატარეთ კომპლექსური დავლებები, ეს კი სიახლე იყო, რაც როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც საინტერესოა. პროცესი ხალისიანი იყო, ყველა საგანში კარგად წარიმართა. მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმატებით წარმოადგინეს. კომპლექსურ დავალებებში, რაც მე, მშობლებს, მოსწავლეებს და მასწავლებლებსაც მოგვწონს ის არის, რომ კავშირი პრაქტიკულ ცხოვრებასთან ძალიან კარგად ჩანს. დღე არ გავა, რომ მოსწავლეებმა თვითონ არ შეგვახსენონ, კონკრეტული თემა ცხოვებასთან როგორ უნდა დააკავშირონ - ეს ძალიან კარგი სიახლეა. ვფიქრობ, რომ სწავლა კეთებით კარგ შედეგს დადებს. ეს მასწავლებლებისთვის შრომატევადია. თუ უნდა, რომ შედეგი დადოს, მობილიზებული უნდა იყოს. ჩვენს სკოლაში ჩართულობა მაღალია, რაც ძალიან კარგია და პროცესი საინტერესოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203