დაწყებითის კომბინირებულ (I-IV) გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის როგორც I-VI ასევე VII-XII გამოცდის აპლიკანტები ტესტის შესრულებამდე ინსტრუქციას ყურადღებით უნდა გაეცნონ, რადგან სწორედ აღნიშნულ საგნებში არის დავალებები, რომელიც შეცდომის შემთხვევაში არათუ 0, არამედ -1 ქულით ფასდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტს არასწორად შესრულებული ტესტის გამო, შესაძლოა, ქულა უკვე დაგროვილი ქულებიდან ჩამოაკლდეს.
რომელ საგანში რომელი დავალებაა ამ მხრივ საყურადღებო?
დაწყებითის (I-IV), ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI) გამოცდაზე გამსვლელებს ტესტში ღია დაბოლოებიანი დავალებები დახვდებათ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კრებულშია აღნიშნული, დავალებები ღია დაბოლოებით პედაგოგისგან მოითხოვს დასმულ შეკითხვაზე პასუხის ჩამოყალიბებას, საკუთარი მსჯელობის გამყარებას სათანადო არგუმენტებით. თითოეული ღიაბოლოიანი დავალება ფასდება სპეციალური სქემის მეშვეობით. შესაბამისად, დავალებები განსხვავდება მაქსიმალური ქულების მიხედვით. შესასრულებელი ნაბიჯების გათვალისწინებით, დავალება შეიძლება შეფასდეს 1, 2 ან მეტი ქულით. ღიაბოლოიანი დავალების შემთხვევაში ქულას იმსახურებს მხოლოდ ის პასუხი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება დავალების პირობას, შეიცავს დასმული ამოცანის კონკრეტული გადაწყვეტის მცდელობას. თუ სწორ პასუხთან ერთად არასწორ პასუხსაც მიუთითებთ, ქულას ვერ მოიპოვებთ. ხოლო თუ პასუხის გაცემისას დაარღვევთ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს, ქულა დაგაკლდებათ.
როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI), ასევე დაწყებითის (I-IV) გამოცდაზე გასულებს ტესტში ენობრივი კომპეტენციის დასადასტურებელი დავალებაც დახვდებათ, სადაც მოცემულია ტექსტი, რომელშიც დაშვებულია რამდენიმე მორფოლოგიური და სინტაქსური შეცდომა. აპლიკანტმა უნდა ამოიწეროს დაშვებული შეცდომები, მიუთითოს სწორი ფორმა და პასუხი დაასაბუთოს. თითოეული შეცდომის გასწორება და შესაბამისი დასაბუთება ფასდება 2 ქულით. გასათვალისწინებელია, რომ სწორად დაწერილი თითოეული სიტყვის მცდარი ფორმით შეცვლის შემთხვევაში დაგაკლდებათ 1 ქულა.
0-ის ნაცვლად -1 ქულას დაიმსახურებენ ქართული ენისა და ლიტერატურის ის მასწავლებლები/მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლებას გეგმავენ და საგნის ჩაბარებას VII-XII კლასების მიმართულებით ეცდებიან. აქ დავალებები, რომლებშიც შესაძლოა, -1 ქულა მიიღოთ, განსხვავებულია.
აპლიკანტმა მოსწავლის ნამუშევარი მოცემული კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეაფასოს და ურჩიოს მას, რა არის გამოსასწორებელი. უფრო კონკრეტულად კი გამოსაცდელმა არა მხოლოდ უნდა იპოვოს დაშვებული შეცდომა, გრამატიკული წესების მოშველიებით უნდა ახსნას, რატომაა შეცდომა და რა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ, რომ იგივე აღარ გაიმეოროს. ამ დავალების შესრულების დროს თუ გაცემულ პასუხში დაშვებული იქნება ერთი გრამატიკული/პუნქტუაციური შეცდომა ან სტილისტიკური ხარვეზი, დაგაკლდებათ 1 ქულა. ამავე გამოცდაზე ასევე 1 ქულა დაგაკლდებათ, თუ ტექსტის გაანალიზებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაში დაშვებული იქნება ერთი გრამატიკული/პუნქტუაციური შეცდომა ან სტილისტიკური ხარვეზი.
რჩევა: ამ ტიპის დავალების შესრულების დროს კარგად დააკვირდით თითოეულ სიტყვას, სასვენ ნიშანსა და სიტყვათა წყობას. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ ნაწერი უშეცდომოა, შეცვალეთ წინადადება, სათქმელი გადმოეცით მარტივად, ისეთი სიტყვებით, რომლის სისწორეშიც დარწმუნებული იქნებით.