სოფიო გორგოძე პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა
17-04-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ დახვეწის მიზნით სკოლების დირექტორებისათვის და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრები გამართა. 
 
შეხვედრების ფარგლებში მოხდა პროექტის პილოტირების შედეგების განხილვა. ცენტრის თანამშრომლებთან ერთად სკოლების წარმომადგენლებმა იმ გზებზე იმსჯელეს, რომლებიც პროექტს მომავალში კიდევ უფრო მოქნილსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
 
შეხვედრებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ჯელაძე უძღვებოდნენ. 
 
შეგახსენებთ, რომ პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და აგრეთვე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი  მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
 
2021 წელს პროექტის პილოტირებაში 7000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის ელექტრონული სისტემის გამოცდის მიზნით მაისის თვეში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პილოტირება იგეგმება.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203