დაწყებით და საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლეთა შეფასება განსხვავდება.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში ნიშნები არ იწერება და მასწავლებლები მოსწავლეებს განმავითარებელ უკუკავშირს აწვდიან. რაც შეეხება საბაზო და საშუალო საფეხურებს, მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასება ეწერებათ, წლის ბოლოს კი საშუალო არითმეტიკული გამოითვლება.
როგორ უნდა დაწეროს წლიური შეფასება პედაგოგმა დაწყებით კლასებში?
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება. ამ კლასებში წლის ბოლოს საგნის მასწავლებლებმა უნდა დაწერონ მოსწავლის მოკლე წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს დახმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
მოკლე წერილობითი დახასიათება არ კმარა IV კლასის მოსწავლეთა შეფასებისას. IV კლასის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს შემაჯამებელი წერილობითი შეფასება.