ათასობით სტუდენტი განათლების გარეშე რჩება - ახალგაზრდები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ
20-04-2022

თსუ-ს სტუდენტები ავრცელებენ მიმართვას იმ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს 2 მაისიდან აუდიტორიებში სასწავლო პროცესის განახლებას. მიმართვას Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

2 მაისს აუდიტორიებში სწავლების დაწყების შემთხვევაში, განათლების პროცესის მიღმა დარჩება ათასობით სტუდენტი. ისინი, ვინც ვერ ახერხებს ბინების გაორმაგებულ ფასებთან გამკლავებას და ისინიც, ვისაც სამსახურის დატოვება მოუწევს, ხელშეკრულების მოულოდნელად გაწყვეტის გამო.

ჩვენ მიერ მოთხოვნილი ჯანსაღი კომუნიკაციის პასუხად უნივერსიტეტის რექტორი სიცილით ეგებება ათასობით სტუდენტის სოციალურ სირთულეებს. მასთან ერთად უნისონში დაგვცინის აკადემიურ სივრცეს შეფარებული კლანიც.

ჰიბრიდული რეჟიმი, აუდიტორიებში სწავლების მსურველებსაც დააკმაყოფილებს და ვინც ჩამოსვლას ვერ მოახერხებს, მათაც არ დატოვებს განათლების უფლების მიღმა. ეს გადაწყვეტა მოუძებნეს ამ პრობლემას სხვა უნივერსიტეტებმაც. ერთ-ერთი არგუმენტი, თუ რატომ აუარეს გვერდი სტუდენტების ინტერესებს არის, რომ თსუ-ს არ აქვს რესურსი ჰიბრიდული სწავლებისთვის. ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტის არამიზნობრივად გახარჯული ბიუჯეტი უკვე დიდი ხანია ეჭვებს იწვევს.

გუშინ პრემიერმა პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, როცა სტუდენტები უსახსრობისა და სტუდქალაქის გაპარტახებულობის გამო განათლების გარეშე რჩებიან. ეს უკვე განაცხადია, რა გეზი უჭირავს ქვეყანას: ძალადობა განათლების ნაცვლად, დაცინვა კომუნიკაციის ნაცვლად, კორუფცია წესრიგის ნაცვლად.

19:00-ზე, თსუ-ს პირველ კორპუსში იკვრება საპროტესტო ნაკადი ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

დროა, პასუხი გავცეთ უმსგავსო ქმედებებს!

ოთხშაბათს, 20 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსთან!

მოვითხოვთ:

ჰიბრიდულ რეჟიმს - არჩევანს აუდიტორულ და დისტანციურ სწავლებას შორის!

გასაჯაროვდეს ხარჯები და დოკუმენტურად დასაბუთდეს, რატომ არ აქვს უნივერსიტეტს ჰიბრიდული სწავლების რესურსი!

დადგეს დღის წესრიგში საბინაო პოლიტიკის საკითხი!

პასუხი აგოს რექტორმა სტუდენტების დაცინვისთვის და ღირსებისშემლახავი განცხადებებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203