ლექსები, რომელთა სწავლაც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გაუმარტივდებათ
22-06-2022

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის, შეიძლება, ძალიან საინტერსო და სახალისო ლექსების საწავლა აღმოჩნდეს. ეს მათ მეხსიერების გავარჯიშებაშიც ეხმარება და სკოლისთვის ამზადებს, სადაც მათ მოთხრობებისა და ლექსების სწავლა ისედაც მოუწევთ.

Etaloni.ge საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის სხვადასხვა თემატიკის მარტივ ლექსებს გთავაზობთ.

მეტიჩარა

მეტიჩარა რატომ ვარ,
რომ ვატარებ სათვალეს?
ვერა ხედავთ სათვალე,
მზისგან მიცავს ამ თვალებს?

ელიზბარ გაბუნია

***

კანფეტები მიყვარს ისე,
არ მბეზრდება სულ რომ ვჭამო,
მიჯავრდბა ზოგჯერ დედა:
- გასუქდები ამის გამო.
- დიდი რამე, ვიყო მსუქნად,
ფუმფულა და საყვარელი,
დამიძახონ: ღორმუცელა,
დამიძახონ: დათვის ბელი.
რას უწუნებთ წითელ ლოყებს,
ფუნთუშების სურნელს კანზე?
დავისვარე? ჩემს ტანსაცმელს
მე გავფერთხავ აივანზე.
თქვენ მიყიდეთ კანფეტები,
სანამ მქვია დათვის ბელი,
გავიზრდები და გავხდები
ტკბილეულის გამყიდველი.

ქეთევან კვიტატიანი

ახალი კბილი

მიყვარს ბევრი კანფეტი
და მურაბა ტკბილი,
ამ ზაფხულში სოფელში
მოვიცვალე კბილი.

ბებომ მითხრა: _ ეგ კბილი
გავატანოთ თაგუნებს,
მაგის ნაცვლად თაგუნა
თავის საღ კბილს გარგუნებს.

თაგვო, კბილი მომეცი
და საქვეყნოდ გპირდები,
ცოტას შევჭამ კანფეტებს,
შენს კბილს გავუფრთხილდები.

იოსებ ციცქიშვილი

გაზაფხული

გაზაფხულის სუნთქვა ისმის,
გაიღვიძეს ენძელებმა.
დღე გადიდდა, დათბა, მაგრამ
ზამთარს წასვლა ეძნელება.

მზე იცინის, გრძელი ფუნჯით
მწვანე ფერად ღებავს მინდვრებს.
ჟივჟივებენ ბეღურები -
მალე გამოიამინდებს!

ვასილ გულეური

გოჭები

დასდევს კუდში მურია
ლანძღვითა და გინებით,
მთელი ეზო დათხარეს
პაწაწინა დინგებით.
გუშინ დოქი გატეხეს,
ჩაიპარნენ ყანაში,
დაერივნენ წიწილებს,
მერე ჩაწვნენ ტალახში.
ამისთანა რა მოხდა,
ამის ფასი რა ნახეს!
ერთი ვაშლის გულისთვის
ერთმანეთი გალახეს.
არ ისმენენ არაფერს
ამოდენა ყურებით,
აღარც თხოვნა ესმით და
აღარც საყვედურები.
თუ არ გამოსწორდებით,
წნელით გაიტკიცებით,
არ გრცხვენიათ, გოჭებო?
ღორებივით იქცევით.

ნოდარ დუმბაძე

დილა მშვიდობისა

-ჩიტო, ჩიტო, ნაცარავ,
ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ,-
დილა მშვიდობისა!
-მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
-გაიღვიძე, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
-პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
-შენთვის მინდა, პატარავ,
აბა დამაკვირდი!
-მეც ახლავე ავდგები,
მეც დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!

მაყვალა მრევლიშვილი

ზღარბი

ზღარბო, ზღარბო ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია!
დამაკაწრეს ხელები
მაგ ჩხუტუნა ნემსებმა,
ნეტავ შენი დედიკო
როგორ გეალერსება!

გივი ჭიჭინაძე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203