საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისთვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები განისაზღვრა.
ტიტულოვან სპორტსმენებს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მათ გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ განათლების მინისტრს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია;
დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
თუმცა ბრძანებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ამ წესის ფარგლებში ჩარიცხულ პირს ეზღუდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება.