ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი აქტიურად არის ჩართული დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. სასკოლო მზაობის ჯგუფებში დიდ ყურადღებას უთმობენ გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებას. აღმზრდელ-პედაგოგები ცდილობენ პატარებს გაუღვივონ ინტერესი ბუნებრივი გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, რათა წაახალისონ ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მათ დაეხმარებათ ჯანსაღი და სუფთა გარემოს შენარჩუნებაში.
კურიკულუმის მიზნებიდან გამომდინარე სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებლებმა - ინგა მჟავანაძემ და ლელა კვარაცხელიამ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დაგეგმეს საინტერესო და სახალისო პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“.
პროექტი მოიცავდა დედამიწის დაცვასთან დაკავშირებულ აქტივობებსა და თამაშებს.
ბავშვები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.
ხელოვნების ცენტრში დახატეს და გამოძერწეს დედამიწის მოდელები, ეზოში ჩატარდა მხიარული თამაში - „ვინ უფრო სწრაფად“.
მასწავლებელმა ბავშვებს შესთავაზა პერფომანსი - „გავახალისოთ მოწყენილი დედამიწა“. გაიმართა დიალოგი - ბავშვები თამაშით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედამიწას ნარჩენების მოცილებით „გაახალისებდნენ“.
პროექტის დასასრულს, ეზოში ბავშვებმა უფროსების დახმარებით მცენარეები დარგეს.
იხილეთ ფოტოები: