დღეს, მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა.
ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.
მას შემდეგ რაც წმინდა ცეცხლი გადმოდის, პატრიარქი ანთებს კანდელს, საფლავის კარებს აღებენ, პატრიარქი ლოცავს იქ დამსწრე ქრისტიანებს და ურიგებს წმინდა ცეცხლს.
საქართველოდან ჩასული მომლოცველები წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს, ღამით ჩამოაბრძანებენ და ის სააღდგომო ლიტურგიის დროს ტაძრებში გავრცელდება.
მოციქულთა და „წმინდა მამათა“ გადმოცემის თანახმად, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ამავე წყაროების მიხედვით, ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.